ნიკა მელიას უფლებამონაცვლის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.
ბადრი ბასიშვილის პარლამენტის წევრობას კომიტეტზე მხოლოდ კარლო კოპალიანმა და ენძელა მაჭავარიანმა არ დაუჭირეს მხარი.
ბადრი ბასიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილება ბიუროს გადაეგზავნება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროტესტსაც გამოეხმაურნენ.
როგორც კომიტეტის წევრმა გიორგი კახიანმა განმარტა, "ნაციონალურ მოძრაობას" უფლება ჰქონდა, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაესაჩივრებინა, რომელიც უმოკლეს ვადაში შესაბამის დასკვნას მიიღებდა.
"ამ უფლებითაც რომ არ ისარგებლეს, ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმას, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება იყო სწორი", - დასძენს გიორგი კახიანი.
ბადრი ბასიშვილი მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.