5-01-2020
2020 წლის თბილისის ბიუჯეტიდან დედაქალაქის მერის პიარზე 4.6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს იმ ფონზე, როდესაც სოციალური მიმართულებით ფაქტობრივად ყველა სფეროში მცირდება ბიუჯეტი ან უცვლელი რჩება მცირედი გამონაკლისების გარდა.
რით აიხსნება მერის პიარის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება? ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ კალაძე ემზადება დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშისთვის? უკუშედეგი ხომ არ ექნება მის გადამეტებულ პიარს და ხომ არ აქვს ივანიშვილს კომპრომატები მის წინააღმდეგ და აიძულებს მას, რომ თავისი იმიჯის დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგას? _ ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პიარის სპეციალისტი და პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია საუბრობს.
_ კალაძის პიარისთვის 4.6 მილიონი დაიხარჯება. რით შეიძლება აიხსნას ეს იმ ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად ყველა მიმართულებით მცირდება სოციალური მიმართულებების დანახარჯები ან უცვლელი რჩება?
_ ამის ახსნა მარტივად შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ საერთო ჯამში ”ქართული ოცნების” ლიდერებიდან კახა კალაძე ერთ-ერთი იშვითია, რომელსაც ავტონომიური იმიჯიც აქვს შექმნილი და საკმაოდ მყარი რეპუტაციაც აქვს. ოღონდ ”ქართული ოცნების” ამომრჩეველში, ხაზი გავუსვათ ამას. ამიტომ, ეს არის პროპაგანდისტული კამპანიის შედეგი და ეფექტი. ამაზე აქტიურად მუშაობენ მუდმივად.
რაც მერია კალაძე, ამ პერიოდში ვხედავთ რაღაცების კეთების მცდელობას მოქალაქეები, მაგრამ რაიმე შედეგს, რაც მას დაეწევა იმიჯში, ვერ ვხედავთ. რასაც ვხედავთ, არის დისბალანსი მიღწეულ წარმატებებსა და იმიჯს შორის, ამ დროს თავისთავად ჩნდება კითხვა _ ეს ყველაფერი საიდან მოდის.
ეს მოდის სწორედ ამ პროპაგანდისტული კამპანიებიდან. ამიტომაც აფინანსებს კიდევ უფრო მეტად, ვინაიდან კიდევ უფრო რთული წელიწადია და არ დაგვავიწყდეს, რომ მისი მერობიდანაც გადის ვადა. ანუ წლები რაც უფრო ემატება, უფრო მეტად მოსთხოვს თბილისის მოსახლეობა თბილისის მერს მეტი შედეგის დადებას, რაც არ არის მარტივი.
_ პიარზე თანხების გაზრდა უკუშედეგს ხომ არ გამოიღებს იმ ფონზე, როცა სხვა მიმართულებებით მცირდება ბიუჯეტი და იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში მას ცოტა შეერყა რეპუტაცია. ბოლო კი იყო ნაძვის ხის თემა?
_ შეერყა თუ არა რეპუტაცია, ამის გაზომვა ცოტა რთულია ან საერთოდ რამდენად მდგრადია მისი რეპუტაცია. როდესაც ამ პროპაგანდისტული კამპანიის შედეგად აქვს ეს მაჩვენებელი, რომელიც მას აქვს, აქ ჩნდება კითხვა, რამდენად მდგრადია. როგორც წესი, როდესაც მარტო პროპაგანდაზეა დამოკიდებული, ის იმიჯი მდგრადი არ არის. ამიტომაც შეიძლება მისი იმიჯის პრობლემა გამოიწვიოს რაღაც მაჩვენებლებმა.
ნაძვის ხე თემა ჩაივლის და არა მგონია, ის დარჩეს მოქალაქეთა მეხსიერებაში, მას შემდეგ რაც ახალი წლის დღეები ჩაივლის. თანაც ამას მაინც აბალანსებს თბილისის რაღაც ნაწილების შელამაზება, რაც თავისთავად დადებითად მოქმედებს თბილისელებზე. მაგრამ, აქ საუბარია იმაზე, რამდენად მოცულობით შედეგს წარმოადგენს ის, როდესაც შეაჯამებს თავისი საქმიანობის რამდენიმე წელს.
ის, რომ ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებებით მცირდება, რიგითი მოქალაქეების მეხსიერებაში ნაკლებად ილექება ხოლმე. ამიტომ, ეს კამპანიები მის მიმართ შეიძლება ნაკლებად აისახოს, მაგრამ პრობლემა შეიძლება შეიქმნას იმ დროს, როდესაც რამდენიმე წლიანი მმართველობის შედეგებს გადახედავენ მოქალაქეები და მოლოდინებსა და რეალურად განხორციელებულ საქმეს შორის დიდ სხვაობას დაინახავენ.
დღეს მისი იმიჯი არ დგას კრიზისის წინაშე, დღეს მხოლოდ რისკის ქვეშ არის. ამ შემთხვევაში კრიზისს ვერ ვხედავ, მაგრამ რისკი არის და ამიტომაც ცდილობენ, რომ ეს ძალისხმევა გააძლიერონ სამომავლოდ, რომ მერე ამ ყველაფრისგან პროპაგანდისტული კამპანიები აწარმოონ და ამან იმუშაოს.
ეს კრიზისი რაღაცა მომენტში გაჩნდება, თუკი რაღაცა ალტერნატივას არ შესთავაზებს მოქალაქეებს მისი ორი როლიდან _ მერობიდან და პოლიტიკური ფიგურიდან გამომდინარე. ამ ვითარებაში ეს კრიზისი ამ პროპაგანდისგან არ იქნება დაცული.
_ „ოცნების“ ამომრჩევლისთვის მისაღებია კალაძის ცოტა რადიკალიზმში გადასული მოქმედებები? გვახსოვს მისი შუა თითი აქციის მონაწილეების მისამართით, ოპოზიციაზე ნათქვამი ფრაზა „მთაწმინდიდან გამოექანონ“ და ა. შ.
_ რადიკალური ამომრჩევლისთვის, ნებისმიერი პარტიის ამომრჩეველზე მაქვს საუბარი, ყველა ფორმა და ყველაფერი მისაღებია, რაც არ უნდა გააკეთოს.
_ ამაზე მუშაობს კალაძე?
_ მარტო ამაზე ვერ იმუშავებს. იმიტომ, რომ ეს არასაკმარისია. კალაძის ამოცანა მას შემდეგ, რაც ის მერი გახდა, ის იყო, რომ არათუ არ უნდა დაეკარგა ამომრჩეველთა რაოდენობა, არამედ უნდა მოემატებინა. მით უმეტეს, რომ რაღაცა რისკის ზღვარზე გაიარა და ისე გახდა მერი. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
რადიკალური ამომრჩეველი ნებისმიერი პარტიისთვის არ არის ხოლმე იმ დოზის, რაც საკმარისი იქნება. ამიტომაც სხვა დანარჩენისთვის, მათ შორის რაციონალური ამომრჩევლისთვის, ეს ყველაფერი მისაღები ვერ იქნება.
_ კალაძის გადაწყვეტილება პიარზე გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით იმითაც ხომ არ უნდა ავხსნათ, რომ კალაძე ემზადება დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშისთვის?
_ კალაძის მიმართ ეს მოლოდინები სულ არსებობს მას შემდეგ, რაც ის ”ქართულ ოცნებაში” აღმოჩნდა, 2012 წლიდან მოყოლებული. კალაძე ერთადერთი ადამიანია, ვინც ბიძინა ივანიშვილთან პარტნიორულ ურთიერთობაშია და მას არ სჭირდება ივანიშვილის ფინანსები, მას ჰქონდა თავისი იმიჯი, ბიზნესი, კავშირები და ა. შ. ის ბევრად ავტონომიურ მდგომარეობაშია. შეიძლება ითქვას, რომ ”ქართულ ოცნებაში” არავინაა მსგავსი ავტონომიის მქონე სხვა ფიგურა.
მაგრამ მე რასაც ვადევნებ თვალს, მსგავსი ჩანაფიქრები გამოჩნდება, ჩნდება მოლოდინები, რომ შეიძლება კალაძემ სხვა მიმართულებით იმუშაოს, თუმცა პროცესი ისევ ჩერდება ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ კალაძე ზომავს რაღაცებს, რომ იმ მომენტში რაღაცებს თავს ვერ ანებებს. როდესაც ის მერობაზე კენჭს იყრიდა, მაშინ ვთქვი, რომ ის გამზადებულ ნაღმზე მიდის-მეთქი.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ თბილისის მერობა ძალიან რთულია და იქ ისეთი პროცესები მიდის, რაც ხშირად კორუფციის წყაროა, თეორიულად მაინც. ძალიან ძნელია, დანის პირზე გაიარო და ხელი არ წაგიცდეს.
არ ვიცი, კალაძე რამდენად გადის ამ დანის პირს. ამას გარდა, როგორც მინიმუმ, თბილისის მოსახლეობის კმაყოფილება სჭირდება. როგორც პოლიტიკურ პირს კი მთლიანად ქვეყანაში სჭირდება მხარდაჭერა. ამ რესურსებს რამდენად ფლობს, ეს სხვა თემაა.
ბიუჯეტში მის პიარზე თანხების ზრდა არ არის ინდიკატორი იმისა, რომ ის თავისთავად რაღაცას აპირებს პოლიტიკაში. თუმცა, ვიმეორებ, რომ მისი მხრიდან ამ ძალისხმევას მუდმივად ვხედავთ. რაღაც ეტაპამდე მივა და ჩერდება ხოლმე მერე.
მას, ამას გარდა, ”ქართულ ოცნებაში” ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების გახმოვანება მოუწია. ასევე მან სცადა ქართული ოცნების ქმედებების გამართლება, რაც მის იმიჯზე დადებითად არ მოქმედებს.
_ ამ ნაბიჯების გადადგმა რომ უწევს, ეს იმითაც ხომ არ აიხსნება, რომ შესაძლოა ივანიშვილს მასზეც ჰქონდეს კომპრომატები და იძულებულია, ეს ნაბიჯები გადადგას?
_ თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ხელჩასაჭიდი მტკიცებულება. ამას გარდა, სანამ ის პარტნიორობს, ბიძინა ივანიშვილი ეცდება, რომ მას არ შეექმნას ავტორიტეტი.
ამიტომ ცდილობს, რომ მან შელახოს მისი იმიჯი და რეპუტაცია იმ განცხადებებით, რასაც ის აკეთებს და შემდეგ როგორც ოპონენტს ის აუცილებლად მოუბრუნდება უკან. არ დაგვავიწყდეს, რომ ”ქართული ოცნებიდან” წასული არცერთი სუბიექტი არ ფლობს პოლიტიკურ კაპიტალს და კალაძემ უნდა გააკეთოს რაღაცა საოცრება, რომ თუკი ის წავა ოპოზიციაში, მას დარჩეს პოლიტიკური კაპიტალი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ ეს ყველაფერი არ იქნება შიდა შეთანხმება.
თეორიულად ჩვენ ისიც შეგვიძლია დავუშვათ, რომ კალაძის ოპოზიციაში წასვლა შეიძლება ივანიშვილთან მისი გარიგება იყოს, თუმცა ესეც ნაკლებად სავარაუდოა.
ამ ეტაპზე ეს ყველაფერი თეორიულ დონეზე ჩანს, ვიდრე წინაპირობების თვალსაზრისით.