23-12-2017
2017 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სპეციალური საპოლიციო კონტროლის (ე.წ. „რეიდის“) განხორციელება დაიწყო. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს გააჩნდეთ ინფორმაცია საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას საკუთარი უფლებების შესახებ,
სპეციალური საპოლიციო კონტროლი „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლის მიზანს კანონდარღვევის პრევენცია და/ან გამოვლენა წარმოადგენს. მინისტრის განკარგულების საფუძველზე პოლიცია უფლებამოსილია, შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროის განმავლობაში, მხოლოდ ვიზუალურად შეამოწმოს მოქალაქეები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ნივთები.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, კანონი მოქალაქეს შემდეგ უფლებებს ანიჭებს:
•მოითხოვოს პოლიციელის მიერ ვინაობისა და სამსახურებრივი საბუთის წარდგენა;
•მოითხოვოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველის განმარტება;
•მოსთხოვოს პოლიციელს სამხრე კამერის ჩართვა მასთან კომუნიკაციის დროს;
•გაეცნოს პოლიციელის მიერ შედგენილ ოქმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დასაშვებია პირის ზედაპირული შემოწმება, ანუ ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაუშვებელია პოლიციელის მიერ მოქალაქის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ჯიბის ამობრუნების ან ტანსაცმლის გახდის მოთხოვნა. ანალოგიურად, მოქალაქის ნივთი ან ავტომობილი (საბარგულის ჩათვლით) მხოლოდ ვიზუალურად შეიძლება იქნეს დათვალიერებული.
სახალხო დამცველი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ზემოხსენებული უფლებების შეზღუდვის ან პოლიციელთან კომუნიკაციის დროს სხვა სახის პრობლემის არსებობისას, მათ შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა („126“) და სახალხო დამცველის აპარატის („1481“) ცხელ ხაზებს.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საპოლიციო ღონისძიების, განხორციელებისას მასში მონაწილე მოქალაქეთა კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაცია ყველასთვის შეუზღუდავად იქნება უზრუნველყოფილი.