გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტურიზმი თუ ტანკები? რაში სჭირდება რუსეთს ახალი გზა საქართველოსკენ და რატომ ლობირებს მას ჩეჩნეთის თავკაცი

13-01-2020

რუსეთში, 2019 წლის ბოლოს, ორჯერ დაიწყო შესაძლო ახალი პროექტის – საქართველოსკენ ახალი გზის მშენებლობის – განხილვა. მათ შორის, ეს მოიწონა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მან ამ იდეას მიზანშეწონილი უწოდა.


რა დგას ამ ინიციატივის უკან – იმ ფონზე, რომ საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს პროტესტი ერთი და იმავე ლოზუნგით – „რუსეთი ოკუპანტია“, მოსკოვმა კი ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში დააწესა სრული აკრძალვა საქართველოში ავიამიმოსვლაზე?


რას და რატომ გვთავაზობს იდეის ავტორი – რამზან კადიროვი


რუსეთსა და საქართველოს შორის ახალ საავტომობილო გზაზე, 2019 წლის ნოემბერში, საკმაოდ მოულოდნელად ალაპარაკდა ჩეჩნეთის თავკაცი, რამზან კადიროვი. მართალია, მან ეს პროექტი მოიხსენია, როგორც ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის გზა და თქვა, რომ ის ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას მთელ კავკასიაში.


„ეს არის ძალიან აუცილებელი გზა ჩვენთვის და კავკასიისთვის. იტუმ-კალედან (სოფელი სამხრეთ ჩეჩნეთის მთებში) საქართველომდე 40-50 წუთის გზაა. იქიდან კი თურქეთის გავლით ევროპამდე ჩადიხარ… ამიტომ, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს გზა უნდა გავხსნათ და დავამყაროთ ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, კერძოდ, საქართველოსთან“, – ციტირებს კადიროვს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტი“.


კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის გზის მშენებლობა – საკმაოდ პოლიტიკური საკითხია და გამოთქვა იმედი, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებმაც იციან ისტორია, იციან, როგორ ვცხოვრობდით და როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები“.


რუსეთსა და საქართველოს შორის გზებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ


ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ერთხელ უკვე სცადა იმ პროექტის განხორციელება, რომელზეც კადიროვი საუბრობს.


1990-იანი წლების ბოლოს, მათ იტუმ-კალედან მოხრეშილი გზის გაკეთება დაიწყეს. იდეა იყო, არღუნის ხეობის გავლით მისი გაყვანა საქართველოს მაღალმთიან სოფელ შატილამდე, მაგრამ მშენებლობა საზღვართან შეჩერდა. დაიწყო ჩეჩნეთის ომი და არავის ეცალა გზებისთვის. ის, რისი გაკეთებაც მოასწრეს – დაახლოებით, 30 კილომეტრი – დაიბომბა.


დღეს, ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთისკენ ოთხი საავტომობილო გზა არსებობს, მაგრამ ორი მათგანი დაბლოკილია დაუსრულებელი კონფლიქტის გამო.


მოქმედი, საკმაოდ დატვირთული გზები:


• დერბენტიდან (დაღესტანი) აზერბაიჯანში კასპიის ზღვის გასწვრივ,
• საქართველოს სამხედრო გზა ვლადიკავკაზიდან (ჩრდილოეთი ოსეთი) საქართველოში.


გზები, რომლებიც დაბლოკილია ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო:


• ვლადიკავკაზიდან სამხრეთ ოსეთში, იქიდან კი თბილისში, ქალაქ გორის გავლით,
• სოჭიდან (რუსული ზღვისპირა ქალაქი) აფხაზეთში, იქიდან კი თბილისში ზუგდიდის გავლით.


ორივე ეს გზა საბჭოთა კავშირის დროს, ყველაზე მოთხოვნადი იყო, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთში ტვირთების გადასატანად. თუმცა, ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური სამხედრო კონფლიქტების შემდეგ, 1990-იანების დასაწყისიდან ეს გზები ჩაიკეტა.
ორივე ეს გზა ქართულ-რუსული პროექტის ცენტრშია, რათა შეიქმნას ალტერნატიული მარშრუტები რუსეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის საქონლის ტრანზიტისთვის.


ამ პროექტის გარანტად გამოდის შვეიცარიული კომპანია. ამ დროისთვის უკანასკნელი მოლაპარაკებები თბილისსა და მოსკოვს შორის 2019 წლის თებერვალში შედგა. დეტალების შეთანხმება ჯერჯერობით არ ხერხდება.


როგორც ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, არის კიდევ რამდენიმე „საიდუმლო“ გზა ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთისკენ.


მათ შორის უმნიშვნელოვანესებია:


• მამისონის ხეობიდან (ჩრდილოეთი ოსეთი) საქართველოში
• დაღესტნიდან საქართველოში ლაგოდეხის გავლით
• ჩრდილოეთ ოსეთიდან სამხრეთ ოსეთში ზემო ზარმაგი-კვაისის გავლით
• მშენებარე გზა დაღესტნიდან აზერბაიჯანში


ამ სიაში ასახელებენ ხოლმე ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავალ დაუსრულებელ გზას, რომლის განახლების წინადადებითაც 2019 წლის ნოემბერში რამზან კადიროვი გამოვიდა, დეკემბერში კი მხარი დაუჭირა ვლადიმირ პუტინმა.


საქართველო საერთოდ არ განიხილავს პროექტს – კადიროვმა კი უკვე იშოვა მისთვის ფული


ოფიციალურად, საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ რეაგირებს კადიროვის ინიციატივაზე. ქართველი ექსპერტები კი ამ პროექტს საკმაოდ ეჭვის თვალით უყურებენ.


სამხედრო სფეროს ექსპერტმა, ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა გამოცემა „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ ამ გზის მშენებლობა არ შედის საქართველოს ინტერესებში, რადგან ყველა გზას, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს, მოსკოვი ყოველთვის იყენებდა სამხედრო მიზნებისთვის:


„კერძოდ, 2008 წელს (საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის დროს) როკის გვირაბი (ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი – JAMnews) რუსეთმა საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენა“.


მაგრამ კადიროვის გადაწყვეტილება მტკიცეა. მდინარე არღუნის გასწვრივ, იტუმ-კალედან საქართველოს საზღვრამდე გზის მშენებლობა შეტანილია 2025 წლამდე ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ გეგმაში.


პროექტს იქ „სტრატეგიული საინვესტიციო პროექტი“ ჰქვია და ამისთვის, დაახლოებით, 30 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.


სტრატეგიაში წერია, რომ საქართველოსკენ მიმავალი გზის ჩეჩნეთის მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2021 წელს უნდა დაიწყოს და 2025 წელს დასრულდეს.


რატომ სჭირდება ეს გზა ასე რამზან კადიროვს? კომენტარები სოციალურ ქსელებში


„იტუმ-კალედან საქართველოს საზღვრამდე გზას აშენებდნენ ჩეჩნეთის პრეზიდენტ მასხადოვის დროს, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა გარესამყაროსთან რუსეთის გარდა სხვა დამაკავშირებელი გზა. კადიროვს კი რაში სჭირდება? იმისთვის, რომ მისი საშუალებით საქართველოში არა ტურისტები, არამედ ტანკები ჩამოვიდნენ“.


„კადიროვი – ტურიზმის განვითარების ცნობილი სპეციალისტია. ამ სფეროში მისი ერთადერთი პროექტი – ჩეჩნეთში სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა – რუსეთის ბიუჯეტს ძალიან ძვირი დაუჯდა“.


„ყველაფერი მარტივია. ყველამ იცის: მშენებლობა რუსეთში, განსაკუთრებით გზების, იწყება, როგორც ეკონომიკური პროექტი და მთავრდება ბანალური ქურდობით“.


„ამ გზის მშენებლობა რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების რეანიმირების შესაძლებლობას მისცემს. და ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება მინიმუმ ხუთი გზის აღდგენა კავკასიონის მთავარი ქედის გავლით“.




jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031