გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა„ - ეკატერინე მიქაბაძე

14-01-2020

„2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

წინა თვეების მსგავსად, მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში, როდესაც ექსპორტი წლიურად 18.7 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 390.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ.


„საქსტატის“ წინასწარი მონაცემით, 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად - 489.0 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 5 291.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წელს სავაჭრო დეფიციტმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტს უტოლდება და წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.


ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ექსპორტის ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული სხვადასხვა ქვეყნებთან. მისი თქმით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში წარმოებული პროდუქციის (წმინდა ექსპორტი) ექსპორტმა - 2 113 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 86.8% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში განხორციელდა (დსთ 37%, ევროკავშირი 32%, თურქეთი 8%, ჩინეთი 8.4%, EFTA-3%), რაც 3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ რეჟიმით განხორციელებულ ექსპორტზე.


მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოში წარმოებული პროდუქციის წილი მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, DCFTA-ის ამოქმედებამდე, ევროკავშირის ექსპორტში ქართული წარმოშობის პროდუქციას 65% ეკავა, ხოლო ამჟამად უკვე ეს მაჩვენებელი 24 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 89%-ს აჭარბებს.


მისი თქმით, ქართული პროდუქციის ექსპორტის დივერსიფიკაცია არამარტო მოცულობითი, არამედ სტრუქტურული მიმართულებითაც განხორციელდა. მაგალითად, თუ DCFTA-ის ამოქმედებამდე საქართველოდან ევროკავშირში ოთხნიშნა დონეზე 540-მდე სასაქონლო პოზიციის ექსპორტი ხორციელდებოდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 700-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ საქონლის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და გაზრდასთან ერთად საქართველოდან ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2019 წლის წინასწარი მონაცემებით 2014 წელთან შედარებით 43%-ით გაიზარდა და შეადგინა 809.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას. მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930