17-01-2020
,,ოპონენტებს ცოცხალი თავით არ უნდათ აღიარონ ის მიზეზი, თუ რატომ ამოირჩიეს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) და ფარმაცევტულმა კომპანია „Gilead”-მა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პირველ სამოდელო ქვეყანად მაინცდამაინც საქართველო და რატომ მიანდეს მათ საქართველოს ისტორიული მისია - მსოფლიო მედიცინის ისტორიაში პირველად მომხდარიყო ქრონიკული ინფექციური დაავადების ელიმინაცია. პასუხი ნათელია - იმიტომ, რომ მათ ჩათვალეს, რომ სწორედ ჩვენ გვქონდა ამ ურთულესი მისიის შესრულების ყველაზე მეტი პოტენციალი და თან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოვიდა C ჰეპატიტის ელიმინაციის ინიციატივით,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.
პროფესორის თქმით, საქართველოს პროგრამა მსოფლიოში ერთადერთი სრულფასოვანი და უნიკალური დიზაინის მქონე ელიმინაციის პროგრამაა, რომლის შექმნაშიც უდიდესია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი.
,, ჩვენი პროგრამა, პაციენტების მკურნალობის გარდა, მოიცავს საწყისი და განმეორებით სეროპრევალენტობის კვლევებს, საერთო ნაციონალურ HCV სკრინინგს, პაციენტების აქტიურ მოძიებას (მათ შორის კარდაკარ ჩამოვლით), ერთიან მონაცემთა ბაზას პაციენტების სკრინინგის, მკურნალობის და ზედამხედველობის ყველა მონაცემებით, HCV ინფექციის პრევენციის და კონტროლის სრულ პაკეტს, რეინფექციებზე კონტროლს და განმეორებით მკურნალობას და სხვ. პროგრამის მჭიდრო მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო. საქართველოს პროგრამა ითვლება სამაგალითოდ და მომავალში გათვალისწინებულია მისი გამოყენება სხვა ქვეყნებისათვის“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
პროფესორი განკურნების მაჩვენებლებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოპტიმალური მენეჯმენტისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მიღწეულია C ჰეპატიტით პაციენტების განკურნების მსოფლიოში სარეკორდო მაჩვენებლები - საშუალოდ 98,7% ყველა გენოტიპში.
,,პროგრამით უკვე განიკურნა 60 ათასზე მეტი C ჰეპატიტით პაციენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციას და/ან სიკვდილს გადარჩენილია სულ ცოტა 20 ათასი პაციენტი (ცნობილია, რომ ყოველ მესამე C ჰეპატიტით ავადმყოფს უვითარდებათ ღვიძლის ციროზი და/ან კიბო და საჭიროებენ ტრანსპლანტაციას). ეს მაშინ, როცა ტრანსპლანტოლოგიის უდიდესი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში დღემდე სულ გაკეთებულია მხოლოდ 60-მდე ღვიძლის ტრანსპლანტაცია. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი ჯანდაცვითი პროექტი, რომელსაც გადაერჩინოს ამდენი ადამიანის სიცოცხლე და ასეთ პროექტზე ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რომ ის „ჩავარდა“ და „კრახი განიცადა“ და რომ ეს არის „დანაშული ქართველი ხალხის წინაშე?!“. რა არის „დანაშაული“ - 60 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა? ამაზე მეტი მკრეხელობა შეიძლება? საქართველოში სადღეისოდ ნამკურნალებია უკლებლივ ყველა C ჰეპატიტით ავადმყოფი, ვინც იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ და ვისაც მკურნალობის სურვილი ჰქონდა. ახლა პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს იმ პაციენტების გამოვლენა, ვინც თავისი დაავადების შესახებ ჯერ კიდევ არ იცის და იმ პაციენტების დარწმუნება, ვინც ამა თუ იმ მიზეზით მკურნალობის დაწყებას თავს არიდებს. ასეთი რამ (პაციენტების აქტიური მოძიება) მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ყველა ქვეყანაში მკურნალობენ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც თავისი დაავადების შესახებ იცის და ვინც თვითონ მიმართავს ექიმს სამკურნალოდ“,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.