21-01-2020
საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მდიდარი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში და მის სრულად ათვისებას შავი ზღვის რეგიონის სამეზობლოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
გიორგი გახარიამ და ბოიკო ბორისოვმა დადებითად შეაფასეს საბორნე სერვისები საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის და ხაზი გაუსვეს არსებული სატრანსპორტო კავშირების გაფართოების საჭიროებას. ნაყოფიერად შეფასდა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ბულგარეთი ბოლო წლებში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, თუმცა ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს.
შეხვედრისას პოზიტიურად აღინიშნა საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის მაღალი დონე.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას. პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ბულგარეთის აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ბოიკო ბორისოვი საქართველოში მიიწვია.
შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.