27-01-2020
კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთის ხელისუფლებამ უხანის (ქალაქის მოსახლეობა 11 მილიონ კაცს შეადგენს) მოსახლეობის იზოლირება გადაწყვიტა, შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, აეროპორტის, რკინიგზის მუშაობა და საბორნე მიმოსვლა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ექიმი-ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი:
- დღეისთვის ჩინეთის ჯანდაცვის ხელმძღვანელები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შემთხვევათა შესახებ კიდევ 7 პროვინციაში ატყობინებენ, თუმცა სურათი ყოველდღიურად იცვლება.
- რა არის კორონავირუსი, რა სიმპტომები აქვს?
- კორონავირუსები ვირუსთა დიდი ოჯახია, რომელიც, ძირითადად, ცხოველთა
სამყაროშია გავრცელებული. არსებობს კორონავირუსების რამდენიმე სახეობა, რომელიც ტიპურია ადამიანისთვის და ჩვეულებრივ, გაცივებით მიმდინარე, ანუ გრიპისმაგვარ დაავადებას იწვევს. კორონავირუსთა სახეობები ადამიანისთვის საშიში არ არის, თუმცა ხანდახან ტოვებენ თავიანთ მასპინძელ სახეობას და ადამიანზეც ვრცელდება. ასეთი რამ XXI საუკუნეში ორჯერ მოხდა - 2002 და 2012 წლებში, ეს მესამე შემთხვევაა. პირველი და მე-3 ჩინეთში დაიწყო, მეორე კი საუდის არაბეთში.
- საიდან და როგორ წარმოიშვა, როგორ ვრცელდება? მანამდე ამბობდნენ, რომ ცხოველიდან ცხოველზე გადადიოდა, ახლა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა დაფიქსირდა. ამიტომ ხომ არ იყო, რომ ტაივანი ჩინეთს კორონავირუსის შესახებ სწორი ინფორმაციის გაზიარებისკენ მოუწოდებდა? ფიქრობთ, რომ ჩინელები ინფორმაციას მართლაც მალავენ?
- საიდან და როგორ წარმოიშვა ახალი კორონავირუსი, ჯერ კვლევის საგანია. ცნობილია, რომ დაავადებულთა პირველი ნაკადი ზღვის პროდუქტებისა და ცოცხალ ცხოველთა საბითუმო ბაზარს უკავშირდებოდა. კერძოდ, დაავადებულთა უმრავლესობა ამ ბაზრის მომსახურე პერსონალი, დილერია ან სტუმრობდნენ მას. ამჟამად მიმდინარეობს თითოეული შემთხვევის დეტალური შესწავლა სხვა მახასიათებლების გამოსავლენად... კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ნიშნებია ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.