გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

27-01-2020

დღეს წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის , საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.


ცენტრი სრულად პასუხობს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნებს. შენობა აღჭურვილია სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზითა და შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს ეხმარება როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც. ცენტრში განთავსებულია მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველო საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ღირსეულად წარმოაჩინონ.


ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ 27 იანვარი დაწესდება. აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის სარდალმა, გენერალ-მაიორმა ჯეფრი მილჰორნმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარმა ქირურგმა, ბრიგადის გენერალმა რონალდ სტივენსმა.

სიტყვით გამოსვლისა და ლენტის გაჭრის შემდეგ სტუმრებმა ახალი შენობის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ცენტრის სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, აშშ-ის ევროპული სარდლობის, აშშ-ის საელჩოს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები და დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.


სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით. ამ ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკის მთავრობამ 4,5 მილიონი დოლარი გამოყო. სივრცის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის, თავდაცვის სამინისტრომ მილიონ ლარზე მეტი გამოყო. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი იქნება თავდაცვის სამინისტროს ახალი სოციალური პოლიტიკის ერთგვარი სიმბოლო, რომელიც იმ გმირ სამხედროებზე ზრუნვასა და პატივისცემას გულისხმობს, რომლებმაც ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მსოფლიო მშვიდობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930