23-12-2017
თბილისის მერი კახა კალაძე დღეს დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ხვალ საახალწლო ქალაქში მოსულ სტუმრებს სასიამოვნო გარემო დახვდეთ. „ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია მობრძანდეს შვილებით, შვილიშვილებით და ერთად გავატაროთ ეს სადღესასწაულო დღეები. ნამდვილად სასიამოვნო გარემოა აქ და ვფიქრობ თბილისელები კმაყოფილები დარჩებიან აქ გატარებული დღეებით“,- განაცხადა კახა კალაძემ. საახალწლო ქალაქი სტუმრებს 24 დეკემბრიდან 7იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. ყოველდღე დილის 10 საათიდან, ღამის 12 საათამდე, დედაენის ბაღში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი. კერძოდ, საახალწლო ქალაქის ფარგლებში გაიხსნება საახალწლო ბაზრობა. მოეწყობა ყინულის მოედანი, კინოს მოყვარულთათვის კი ღია კინოთეატრი იფუნქციონირებს. ასევე დაგეგმილია ხის ნაკეთობათა სახელოსნოს გახსნაც. დედაენის ბაღის სტუმრებისთვის 24 დეკემბრიდან 7იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად ქართველი მომღერლების საახალწლო კონცერტები გაიმართება.