1-02-2020
„პრეზიდენტს განცხადება მინისტერიალზე რუსეთის დელეგაციის მოწვევის შესახებ არ გაუკეთებია. დღის წესრიგი ითვალისწინებს, რომ მინისტრთა კომიტეტი, უნდა გაიმართოს იმ ქვეყანაში, რომელიც პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს და აქედან გამომდინარე, განიხილება ბუნებრივია ეს დღის წესრიგი. გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მიიღება ევროსაბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, 2016 წელს თბილისში გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. მაშინაც დადგა რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის საკითხი და ნაციონალური მოძრაობა იყო აქტიური მხარდამჭერი. შეთანხმდნენ, რომ თბილისში ჩატარებულიყო ეს ღონისძიება, რუსი დელეგატების მონაწილეობით და ამ რუსი დელეგატებიდან სამი იყო ისეთი, რომელსაც დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი. მაშინ, ნაციონალურმა მოძრაობამ თვალი დახუჭა ამაზე და დღეს, ზუსტად იგივე ადამიანები სპეკულირებენ ამ თემით.
„საერთაშორისო ასამბლეების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და რუსეთის დელეგაცია არის თითქმის ყველა საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილი. მაშინ, ჩვენ ერთიანად უნდა გადავწყვიტოთ, რომ არც ერთი ასეთი ასამბლეა მომდევნო წლების განმავლობაში არ იმართება საქართველოში, რასაც აქვს სერიოზული მინუსი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.