4-02-2020
გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრების ფარგლებში ხორავას ქუჩის საქმის სამართლებრივ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან ამან შესაძლოა მიმდინარე მართლმასჯულების პროცესი დააზიანოს.
ამ განცხადებით ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წევრ ოთარ კახიძეს უპასუხა, რომელმაც ირაკლი შოთაძეს შემდეგი კითხვა დაუსვა: „თქვენი პროკურატურის პოზიცია იყო, რომ მიხეილ კალანდია იყო მოწმე და გამშველებელი, დღეს ეს გამშველებელი პირი ბრალდებულია. თქვენი არჩევის შემთხვევაში, გაგრძელდება ამ პირის სისხლის სამართლებრივი დევნა, თუ მას გამშველებლის სტატუსი დაუბრუნდება“.
ირაკლი შოთაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვერ ისაუბრებს საქმის დეტალებზე, რომელზეც მართლმასჯულების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ზოგადად კი, ირაკლი შოთაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და ყველა დამნაშავე პირმა პასუხი აგოს.
„ამ ფორმატში საქმის დეტალებზე, სამართლებრივ საკითხებზე არ უნდა იყოს მსჯელობა, რადგან მიმდინარე მართლმსაჯულებასთან გვაქვს საქმე, ამან შეიძლება დააზიანოს ეს მართლმსაჯულება. როდესაც საგამოძიებო კომისიას გავეცი პასუხი, მაშინ ეს იყო ჩემი ვალდებულება მიუხედავად იმისა, მაშინაც მიმაჩნდა, რომ არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეები საჯაროდ, მსგავსი ფორმატით არ უნდა განხილულიყო, როდესაც მართლმჯასულების პროცესი არ იყო დასრულებული. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ზოგადად შემიძლია გაგცეთ პასუხი, რომ მე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე იმ დღეს, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მაშინაც ვაცხადებდი და დღესაც ვაცხადებ, იყო მთელი რიგი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ჩასატარებელი. მაშინ ვამბობდი, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც გამოძიება ელოდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, ეს არის იურიდიული ფაქტების დადგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, ეს შესაძლებლობა უნდა გამოყენებილიყო.
ჩემი მაშინდელი პოზიცია იყო, რომ გამოძიება უნდა გაგრძელებულიყო და ისედაც გრძელდებოდა, შსს-ში არსებობდა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ჩემთვის იმ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალები უცნობია“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
შოთაძის თქმით, ყველა დამნაშავე პირი უნდა დაისაჯოს. ირაკლი შოთაძე ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით, გენერალური პროკურორობა მისთვის იქნება შესაძლებლობა, საქმე ბოლომდე მივიდეს.
„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს, მართლმსაჯულების პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს. ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა გაკეთედეს და ყველა პიროვნება, ვინც ამ საქმეზე ჩაიდინა დანაშაული, უნდა დაისაჯოს კანონიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ ამირჩევენ გენერალურ პროკურორად, ამ კუთხით ეს ჩემთვის არის შესაძლებლობა, რომ აღნიშნული საქმეები ბოლომდე მივიდეს და ამ საქმეზე აღსრულდეს მარლმსაჯულება, დაისაჯოს ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი“ ,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.