4-02-2020
სომხეთის კოტაის რაიონის ქალაქ ეგვარდში, მეორე დღეა, დაძაბული სიტუაციაა. მიმდინარეობს მედიცინის მუშაკების საპროტესტო აქცია იმ სამშობიარო სახლის დაკეტვის წინააღმდეგ, რომელიც თითქმის 20 მეზობელ სოფელს ემსახურება.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1იანვრიდან სომხეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ცხრა სამშობიარო სახლს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა. ეს ის კლინიკებია, რომლებმაც 2019 წელს 150-ზე ნაკლები მშობიარე მიიღეს.
რით არიან უკმაყოფილოები აქციის მონაწილეები
ქალაქ ეგვარდში საპროტესტო აქცია 13 იანვარს დაიწყო. თავიდან მასში მხოლოდ სამშობიაროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, შემდეგ კი მათ ქალაქის სხვა მცხოვრებლებიც შეუერთდნენ.
„გვეუბნებიან, რომ ცოტა მშობიარობაა. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს მაჩვენებელი 18-დან 136-მდე გაიზარდა. მაგრამ ვინ თქვა, რომ რაიონებში წელიწადში 150 მშობიარობა უნდა იყოს? რემონტი რომ გვქონდეს გაკეთებული, მშობიარობების რიცხვი 250-ს მიაღწევდა“, – ამბობს ეგვარდის სამშობიარო სახლის ერთ-ერთი ექიმი.
ადგილობრივი მაცხოვრებლები და მედიცინის მუშაკები ერთად ამტკიცებენ, რომ საავადმყოფოში, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობების მიუხედავად, სერიოზული ოპერაციები ტარდება, და აქ ყველა საჭირო აღჭურვილობა აქვთ.
მშობიარობების არცთუ დიდ რაოდენობას აქ იმით ხსნიან, რომ სამშობიარო სახლი ახალ ადგილას გადავიდა, და ეს ქალაქის ბევრმა მცხოვრებელმა არ იცოდა.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, ეგვარდელი ექიმების აზრით, ის მსხვილი სამედიცინო ცენტრების მხარდაჭერის მიზნით მიიღეს.
სამშობიარო სახლის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მათთან არც დედების და არც ბავშვების სიკვდილის შემთხვევა არ დარეგისტრირებულა. მეტიც, ერევანთან ძალიან ახლოს მდებარე სოფელ ზოვუნიდან ქალები სამშობიაროდ სწორედ ეგვარდში ჩადიან, და არა დედაქალაქში.
ისინი მინისტრს ასევე იმაში ადანაშაულებენ, რომ ორი წლის განმავლობაში ის მათ სამედიცინო ცენტრში არც ერთხელ არ ყოფილა, პრობლემებს არ გასცნობია და გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გაუთვალსიწინებლად მიიღო.
სხვა სამშობიაროების თანამშრომლები ასევე უკმაყოფილოები არიან
იკეტება ასევე ტავუშის ოლქის სოფელ აჩაჯურის ახლახან გარემონტებული სამშობიარო განყოფილებაც. პირველი იანვრიდან სახელმწიფო დაფინანსებას ვერც ის იღებს. მაგრამ, ექიმები მუშაობას აგრძელებენ, და ახალი წლის მომდევნო პირველ დღეებშივე აქ სამი ქალის მშობიარობის მიღება მოასწრეს.
ადგილობრივი ექიმი ნუნე ნერსისიანი წუხს, რომ აჩაჯურის ექიმების „თვითშემოქმედებას“, შესაძლოა, სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს – ანუ ამისთვის ისინი შეიძლება დასაჯონ კიდეც:
„მაგრამ ექიმი ჰიპოკრატეს ფიცს დებს, და მას დახმარებაზე უარის თქმა არ შეუძლია. გარდა ამისა, ექიმებმა მხოლოდ სამი დღის წინათ შეიტყვეს ტელევიზიით, რომ დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. ანუ, ამას სამართლებრივი ნაბიჯი რომც მოჰყვეს, მათ იმის თქმა შეუძლიათ, რომ წერილობითი შეტყობინება არ მიუღიათ, თუმცა სამინისტროს ის ორი თვით ადრე უნდა გაეგზავნა“.
ნუნე ნერსესიანმა მშობიარობების რაოდენობის იმ მინიმუმის შესახებაც გააკეთა კომენტარი, რაც სამშობიარო სახლმა უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ არ დაიკეტოს:
„არ ვიცი, რა გამოთვლების საფუძველზე დაადგინეს 150 მშობიარობა, რადგან აჩაჯურში, სადაც 5500 მოსახლეა, მშობიარობების რიცხვი დაახლოებით 90-ს შეადგენს. მაგრამ გასული წლის პირველ სამ თვეში სამშობიარო არ მუშაობდა, რადგან ამბობდნენ, რომ ის დაიკეტებოდა“.
კიდევ არ იმუშავებს ქალაქ მარალიკას სამშობიარო სახლი, რომელიც 17 ახლომდებარე სოფელს ემსახურება. აქ სამუშაო 12-მა ადამიანმა დაკარგა.
რაც შეეხება მარალიკასა და მეზობლად მდებარე დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებს, ახლა საჭიროების შემთხვევაში, ისინი ქალაქ გიუმრიში ან არტიკში უნდა გაემგზავრონ. საუბარია 12-27 კილომეტრის მანძილზე.
რას ამბობს მინისტრი
„სომხეთში სამშობიარო სახლები მხოლოდ იმის გამო იკეტება, რომ სამედიცინო დახმარება უფრო ხარისხიანი გახდეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა.
მას მიაჩნია, რომ საავადმყოფოებს მომსახურების ხარისხის გარანტირება მხოლოდ გარკვეული დატვირთვის არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ. მისი აზრით, საავადმყოფოში, სადაც წელიწადში ათას ოპერაციას ატარებენ, უფრო მაღალი დონეა, ვიდრე იქ, სადაც ასი ოპერაცია ტარდება.
„ეს მედიცინაში აქსიომაა“, – განაცხადა ტოროსიანმა.
სწორედ ამ ლოგიკის მიხედვით დაწესდა სამშობიარო სახლებისთვის წელიწადში 150 მშობიარობის ზღვარი.
თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. ცვლილებები ძნელად მისაღწევ რეგიონებს არ შეეხება – კერძოდ, ქალაქებს – ბერდს, ჩამბარაკსა და მეგრის. იქედან უახლოეს სამშობიარო სახლებამდე რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლაა საჭირო.
„ყველა დანარჩენ შემთხვევაში, უკეთესია პაციენტის 20-30 კილომეტრით შორს გადაყვანა, მაგრამ საიმედო დახმარების გაწევა, ვიდრე ბავშვისა და დედის სიცოცხლისთვის რისკის გაწევა“, – თქვა მინისტრმა.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
Facebook-ის სომხურ სეგმენტში სამინისტროს გადაწყვეტილება უარყოფითად აღიქვეს.
აი, ზოგიერთი კომენტარი:
„პატივცემულო, ბატონო ტოროსიანო, თუკი ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება, ცახკაოვიტიდან ერევანში სამშობიაროდ არავინ ჩავა. როგორც სოფელ ცახკაოვიტის მაცხოვრებელი, გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას გადახედოთ“;
„არაფერი არ გამოგდით – კვალიფიკაციის ასამაღლებელი რაღაც უაზრო კურსებით დაწყებული, სამშობიარო სახლების დაკეტვამდე“;
„იმის ნაცვლად, რომ რეგიონებში კვალიფიციური კადრები გაუშვათ, ადგილობრივ საავადმყოფოებს კეტავთ? რა არის ამ გადაწყვეტილების პლუსები?“;
„გადაწყვეტილების მიღებამდე მაცხოვრებლების აზრის გათვალისწინებაა საჭირო!“.