6-02-2020
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციამ ეუთოში გააგზავნა საარჩევნო კოდექსის გერმანულოი მოდელის დამახინჯებული ვარიანტი და პასუხიც მიიღო შესაბამისი.
მისი თქმით, ეუთოში გაგზავნილი კოდექსი არ არის კლასიკური გერმანული მოდელი, არამედ არის დამახინჯებული გერმანული მოდელი ავღანური ელემენტებით. კობახიძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ პასუხად მიიღო, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა.
„არის ძალიან მარტივი პასუხი, რომელიც ოდირის მხრიდან გამოიგზავნა, რომ ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას. ეს არის მთავარი დასკვნა რომელიც ამ დოკუმენტში დგას. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით: პირველი - ისინი ამტკიცებდნენ, რომ რეალურად არაკონსტიტუციური გერმანული მოდელი არის თითქოს შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, მეორე - მათ ისიც კი არ იციან ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა. ამით ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, რომელსაც ოდირში დოკუმენტი გააგზავნა. ამაზე ოდირმა, როგორც პატარა ბავშვებს ისე მიანიშნა ჩვენს ოპოზიციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.