7-02-2020
ჩინელ მამაკაცსა და ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრში. მათი მიმართვის საფუძველზე გამოკვლევა ჩაატარა ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითმა ცენტრმა. ირივე პაციენტი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ლუგარის ცენტრში გამოკვლევის ჩატარებამდე ამბობდა, რომ მამაკაცს აღენიშნება ტემპერატურის მომატება, ხველა, ინტოქსიკაცია, სისუსტე, მაგრამ, მისი თქმით, ეს ყველაფერი ახასიათებს გრიპსაც.
ქალის კი მხოლოდ მწვავე რესპირაციული ინფექცია აქვს.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ 6 თებერვალს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით 2019-nCoV.
ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 563-ს მიაღწია. გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებულია ინფიცირების 3694 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობა კი 28 018-ს შეადგენს.
პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის გავრცელება დეკემბრის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით დაავადების ასზე მეტი შემთხვევაა მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაში.
radiotavisufleba.ge