7-02-2020
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები 20-მდე კონგრესმენთან და სენატორთან გამართა. მათ შორის, შეხვედრები გაიმართა ადამ კინზინგერთან, ბილ კიტინგთან, სტივ ჩაბოტთან და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრებთან.
მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას და მაღალი შეფასება მიეცა პარტნიორობის ყველა მიმართულებას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
შეხვედრებზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამერიკელი კანონმდებლის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა ქართველი სამხედრობის ჩართულობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმყოფება, შეხვედრები შეაფასა. მისი განცხადებით, ამერიკული მხარე მადლიერია იმ კონტრიბუციისთვის, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო მისიებში ახორციელებენ.
„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მათგან მადლობას ისმენ იმ კონტრიბუციისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ახორციელებენ. როგორც თვითონ ამბობდნენ გვერდიგვერდ იბრძვიან ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, არის ეს ავღანეთი თუ სხვა მისიები. რა თქმა უნდა, საკითხები, რომელიც მათ აინტერესებდათ იყო ერთ-ერთი განხილვის თემა შეხვედრებზე, არა მხოლოდ ის საკითხები, რომელიც წერილში იქნა მითითებული, არამედ სხვა საკითხებიც და ისინი მადლიერები არიან იმისთვის, რომ პირადად იღებენ ჩვენგან იმ ინფორმაციას, რომელიც მათ აინტერესებთ“,-განაცხადა კახა კუჭავამ.