7-02-2020
მიმდინარე წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე შეეხება 2003 წელს მსუბუქ ავტომანქანაზე ჯავშანტრანსპორტიორის (სამხედრო მანქანის) შეჯახების შედეგად, მომჩივან მაია საყვარელიძის ოჯახის წევრების გარდაცვალების ფაქტს.
კერძოდ, 2003 წლის 22 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში, მომჩივნის ოჯახი თბილისის ქუჩებში გადაადგილდებოდა მანქანით, რა დროსაც მათ დაეჯახა სამხედრო მანქანა, რამაც გამოიწვია მომჩივნის ვაჟისა და დის გარდაცვალება, ხოლო თავად მომჩივნისა და დისშვილების დაშავება.
"მომხდარ ფაქტზე სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანომ აწარმოა გამოძიება, რომელიც წლების განმავლობაში დაიხურა და განახლდა. ასევე, ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა, თუმცა მიუხედავად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებისა, ვერ დადგინდა ავარიის დეტალები სრული სიზუსტით, რის გამოც ვერ მოხერხდა კონკრეტული შედეგებით გამოძიების დასრულება. საბოლოოდ, 2017 წლის 1-ლ მარტს საქმეზე გამოძიება შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა.
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ 2003 წელს მომხდარი ფაქტი წლების განმავლობაში არ იქნა ეფექტიანად გამოძიებული, რასაც შედეგად მოჰყვა ხანდაზმულობის ვადის გასვლა და საქმის დახურვა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებების მრავალი წლით სტაგნაციამ გამოიწვია ხანდაზმულობის ვადის გასვლა და გამოძიების უშედეგოდ დასრულება"-აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის სახით მორალური ზიანისთვის მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 25 000 (ოცდახუთი ათასი) ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.