7-02-2020
საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში რესპუბლიკელი კონგრესმენის პიტ ოლსონის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს აფასებს, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილის მისამართით გააჟღერა და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების შეფასებები კორექტულობის ზღვარს არ უნდა სცდებოდეს.
„არც ერთი კრიტიკული შეფასება, არც ერთი პოლიტიკოსის მიმართ არ უნდა ცდებოდეს კორექტულობის ზღვარს. ამ შემთხვევაში, მსგავსი არაკორექტული განცხადება იქნებოდა მიუღებელი ჩემთვის ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის მიმართ საქართველოში, რადგან საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ, რაც არ უნდა ვიწრო-პარტიული და ვიწრო ორგანიზაციული ინტერესების გვაშორებდეს, ეს არის საქართველოს დამაზიანებელი. როდესაც ისმის კრიტიკა სენატორებისა და კონგრესმენებისგან, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკა, ეს არის საქართველოს კრიტიკა. აღნიშნული უარყოფითად მოქმედებს როგორც საგარეო პოლიტიკაზე, ასევე ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობაზე“ – ასე გამოეხმაურა მარიამ ჯაში „მედიაცენტრ მთავარში“ რესპუბლიკელი კონგრესმენის შეურაცხმყოფელ შეფასებებს.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მგავს საფუძვლებს ვერ ხედავს და არარეალურია.
„რაც შეეხება სანქციებს, ხშირად გვესმის ბიძინა ივანიშვილის შედარება მოლდოვის ოლიგარქის შემთხვევებთან, რაც არასწორია. როდესაც ვაკეთებთ შედარებას, უნდა გავიხსენოთ, რომ მოლდოვის შემთხვევაში, აღნიშნული პიროვნების თუ ოლიგარქის მიმართ, უკვე იყო სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრული მოლდოვის სახელმწიფოს მხრიდან. მსგავსი შედარებები არარელევანტურია და მე დიდი იმედი მაქვს და მხოლოდ ვისურვებდი, რომ ქართველი პოლიტიკოსები, როგორც საერთაშორისო იმიჯით, ასევე შეფასებებით, ჯდებოდნენ კრიტიკული ანალიზის ფორმატში, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი და არაკორექტული განცხადებების“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში“.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა, ამჯერად კრიტიკა „ქართული ოცნების“ ლიდერის მიმართ გააჟღერა და შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი გააკეთა. წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტეხასიდან, ბიძინა ივანიშვილი შეადარა ცნობილი საბავშვო შოუს “სეზამის ქუჩის” ერთერთ თოჯინას, ოსკარს უწოდა „მარიონეტი, რომელიც ანადგურებს საკუთარ სახლს“.