7-02-2020
მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა №430 დადგენილებაში „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ .
ცვლილების მიხედვით, 140 კგ-დან 200 კგ-მდე გაიზარდა საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა. შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.
წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს მსხვილფეხა საქონლის სულადობის გაზრდას და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობას, რაც დამატებითი ღირებულების ადგილზე შექმნას და მეცხოველეობისა და გადამამუშავებელ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
მესაქონლეობის დარგის განვითარების წახალისება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) დაფინანსებით, ხორციელდება პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონელობაში (SQIL)“, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. ხუთწლიანი პროექტის მიზანია მესაქონლეობის, კერძოდ კი მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის სექტორის განვითარების ხელშეწყობა.
ასევე, დარგის განვითარების მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერაა „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა“, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითრების საერთაშორისო ფონდი (IFAD) ახორციელებს. პროექტი ემსახურება მერძევეობის სექტორის მოდერნიზებას, რძის ღირებულებათა ჯაჭვის თითოეული რგოლის განვითარების ხელშეწყობას.