23-12-2017
„ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აგრესია შემცირდეს როგორც ზოგადად ქართულ პოლიტიკაში, ასევე, კონკრეტულად საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრემიერმა ყველაზე სწორი განცხადება გააკეთა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იყო მძიმე პროვოკაცია და სასურველია, რომ მომავალში ასეთი პროვოკაციები არ განმეორდეს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები შეაჯამა. მისი შეფასებით, ორი დღის განმავლობაში პარლამენტსა და მთავრობას შორის აქტიური ინტერაქცია შედგა, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული საპარლამენტო სისტემის განვითარებისთვის. თუმცა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ დადებით პროცესს ჩრდილი მიაყენა მომხდარმა ინცინდენტებმა.
„რაც შეეხება იმ ორ დღეს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ- პირველ რიგში, დადებით კონტექსტში მინდა აღვნიშნო ის, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორი დღე იმ კუთხით, რომ შედგა ძალიან აქტიური პარლამენტსა და მთავრობას შორის. ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი იმისთვის, რომ განვითარდეს დემოკრატიული საპარლამენტო სისტემა. აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ ასეთი ინტერაქცია ხშირად განმეორდეს ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებაში, ჩვენს სახელწიფოებრივ ცხოვრებაში. რაც შეეხება ინცინდენტს, ბუნებრივია, ამ ინცინდენტებმა გარკვეული ჩრდილი მიაყენა იმ დადებით პროცესს, რომელზეც ვსაუბრობდი, რაც იყო ძალიან სამწუხარო, იყო გარკვეული პროვოკაციები ჩვენი კოლეგა კონკრეტული პარლამენტარების მხრიდან, რასაც მოჰყვა შესაბამისი ინცინდენტები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამან, რა თქმა უნდა, მთლიანობაში, ჩრდილი მიაყენა ძალიან სწორ პროცესს, რასაც ჰქვია აქტიური ინტერაქცია. მათ შორის, კრიტიკა, მწვავე კრიტიკა, ესეც არის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ბუნებრივია ამ პროცესის, ეს არის ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი. იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორი დღე, რომელსაც ჩრდილი მიაყენა ინცინდენტმა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველაზე სწორი შეფასება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
„ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ტიპის მოსაზრებები, შეფასებები, რომელთაგან ზოგი მეტად შეიძლება მოგვეწონოს და ზოგი -ნაკლებად. მე არ შევაფასებ ჩემი თანაგუნდელების განცხადებებს და მოსაზრებებს. ეს არის საერთო სურათი. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აგრესია შემცირდეს როგორც ზოგადად ქართულ პოლიტიკაში, ასევე, კონკრეტულად საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრემიერმა ყველაზე სწორი განცხადება გააკეთა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იყო მძიმე პროვოკაცია და სასურველია, რომ მომავალში ასეთი პროვოკაციები არ განმეორდეს და ჩვენ ყველამ ერთად - უმრავლესობამ, ოპოზიციამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აგრესიის ხარისხი შემცირდეს მაქსიმალურად ქართულ პოლიტიკაში და მათ შორის, კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ინცინდეტები პარლამენტში ერთი წელია არ მომხდარა და ამის უკან, პოლიტიკური სისტემის დახვეწისკენ მიმართული მუშაობა დგას.
„ასეთი ინცინდეტები ამ ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად, არ ყოფილა, იყო ერთი მცირე ინცინდეტი, რაც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიულობით. ამის უკან დგას მუშაობა. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს ჩვენთან პოლიტიკური სისტემა, დაიხვეწოს პოლიტიკური პროცესი და სწორედ ამის შედეგია ის, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება საპარლამენტო ცხოვრება და საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მძიმე საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს. ამ არჩევნების შემდეგ მზადდება მოვლენების რევოლუციური განვითარებაც კი, იყო მძიმე ვითარება. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და მივაღწიეთ ბევრად უფრო მაღალ ხარისხს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის, რაც არის კონკრეტული მუშაობის შედეგი. ჩვენ ვცდილობთ, თითოეულ პარტიასთან საქართველოს პარლამენტში კონსტრუქციულ თანამშრომლობას, კომუნიკაციას. მაინც ვფიქრობ, რომ საერთო ტენდენცია რჩება დადებითი და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო ავამაღლებთ პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის ხარისხს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.