11-02-2020
„დიალოგის მთელი ოთხი რაუნდის განმავლობაში ვხედავდით, რომ მათი მიზანი არ იყო კომპრომისზე წამოსვლა და როგორც კი პირველივე საბაბი ნახეს, იმ წუთასვე ააყირავეს მოლაპარაკებების მაგიდა, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოიყენეს ამ პოლიტიკური კონტენტის შესაქმნელად“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპონენტებმა გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების პოლიტიზირება დიალოგის ჩასაშლელად მოახდინეს.
„დარწმუნებული ვარ, ეს არ ყოფილა ერთადერთი გეგმა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ უგულავას მიმართ განაჩენი იქნებოდა გამამტყუნებელი და იმ მოთხოვნის შესაბამისი, რასაც პროკურატურა ითხოვდა 2013 წლიდან, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევისთვის თავისი გეგმა ჰქონდათ და სხვა გამოსავალი არ ქონდათ, იმიტომ, რომ მთელი ოთხი რაუნდის განმავლობაში ვხედავდით, რომ მათი მიზანი არ იყო კომპრომისზე წამოსვლა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
„ისინი ამბობენ, რომ არ აინტერესებთ სამართლებრივი მხარე, რომ ეს უკვე პოლიტიკაა. სამართლებრივი მხარე იმიტომ არ აინტერესებთ, რომ რაღაცეებს იტყუებიან“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა ამერიკის საელჩოს განცხადებასაც. მისი შეფასებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დრო და კონტექსტი „იყო ძალიან ცუდი“, თუმცა, ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ სასამართლოს საკუთარი დღის წესრიგი აქვს და სამართალწარმოება არ უნდა გაჩერდეს იმიტომ, რომ საარჩევნო წელია.
„დრო და კონტექსტი იყო ძალიან ცუდი, თუმცა, სასამართლოს აქვს თავისი დღის წესრიგი და იმის გამო, რომ საარჩევნო წელია, სასამართლო და სამართალწარმოება გაჩერდეს, ეს იქნება უბედურება და არა ის, რომ სამართალწარმოება მიდის და განაჩენი გამოდის. მერე ვილაპარაკოთ, ეს განაჩენი სად საფუძვლიანია და სად არა, ამაზე ვილაპარაკოთ სამართლებრივ ნაწილში, მაგრამ ის , რომ ვინმემ მოინდომოს მართლმსაჯულების გაჩერება იმიტომ, რომ ახლა საარჩევნო წელია - დაუშვებელია. აპელირებენ იმაზე, რომ სასამართლო თითქოს გავლენის ქვეშ არის და ამ დროს მოგვიწოდებენ, რომ სასამართლო მოვაქციოთ გავლენის ქვეშ. ანუ, დავრეკოთ, ზეწოლა მოვახდინოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.