ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა
13-02-2020
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში, „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას.
მისი თქმით, საგარეო შოკებზე საპასუხოდ, უნდა შენარჩუნდეს ფისკალური დისციპლინა, პარალელურად, უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები.
„მარტივი ენით რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს შემდეგს - ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს ისე, რომ არ იყოს მაღალი დეფიციტი. ბიუჯეტის შიგნით ბალანსი უნდა იყოს ჯანსაღი. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ვზრდით პენსიებს, მომავალშიც გვაქვს დაგეგმილი გავზარდოთ პენსია, ასევე სხვადასხვა სოციალურად დაუცველ ჯგუფებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია დავამთავროთ და ბოლოში მივიყვანოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის ჩქაროსნული გზა და ბევრი სხვა პროექტი, რომელიც რეკორდულად მაღალია. ანუ საქართველოს ისტორიაში წარმოუდგენლად დიდ კაპიტალურ დანახარჯებთან გვაქს საქმე. თუ გაგივლიათ სხვადასხვა რეგიონში, მუნიციპალიტეტებში ხედავთ, რომ მიდის აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. რაც მთავარია, ის დიდი, მეგა პროექტები, რომლებიც ალბათ „საუკუნის პროექტებად“ შეიძლება ჩაითვალოს, ესენია: რიკოთის ჩქაროსნული გზატკეცილი, ასევე, ჩრდილოეთ სამხრეთის გზა, ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, აი ეს არის ის გარდამტეხი მიმართულებები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული ბიუჯეტში. შესაბამისად, ერთი მხრივ, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ფისკალური დისციპლინა, ასევე, უყუროს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომ შეინარჩუნოს თავისუფალი გაცვლითი კურსი. ყურადღება უნდა მიაქციოს მონეტარულ პოლიტიკას და სსფ-ის რელიზში დადებითად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე, უნდა შენარჩუნდეს გამკაცრებული პოლიტიკა იმისთვის, რომ ინფლაცია არ გაიქცეს. ამავდროულად, რასაკვირველია, უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები, რათა მოხდეს იმ პოტენციალის სრულად რეალიზება და სრულად გამოჩენა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.