სოცმუშაკთა პროფესიული გაერთიანების გამგეობის წევრის მარიამ ბანძავას განცხადებით, ვინაიდან დაირღვა სოციალური მუშაკების შრომითი და ფუნდამენტალური უფლებები სოციალური მუშაკების მხარდამჭერი თემი მათ სოლიდარობას გამოუცხადებს.
"დღემდე არ ვიცით რა კრიტერიუმებით გაათავისუფლეს ის ადამიანები სამსახურიდან, რომლებმაც ერთი წლის წინ საჯაროდ დააფიქსირეს სისტემური ხარვეზები და საზოგადოებას იმ ძალადობრივი სამუშაოს პირობების შესახებ აუწყეს, რა გარემოშიც მათ უწევდათ მუშაობა. სოციალური მუშაკების მხარდამჭერი თემი აქციის ფარგლებში სოლიდარობას გამოვუცხადებთ უკანონოდ გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს, რადგან დარღვეული იქნა მათი ფუნდამენატლური უფლებები და დარღვეული იქნა მათი შრომითი უფლებები", - განაცხადა მარიამ ბანძავამ.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას სოციალური მუშაკების გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.
ტიკარაძემ ადამიანების სამსახურიდან გაშვება რეორგანიზაციით ახსნა. ამავდროულად მინისტრმა აღნიშნა, რომ სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების ნაწილი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე სხვა სამსახურში აღადგინეს.
მისივე თქმით, ამ ადამიანებს კვლავ მიეცემათ იმის საშუალება, რომ უკვე ახალ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით დაინიშნონ.
ჯანდაცვის სამინისტროში გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად სოციალური მომსახურების სააგენტომ თანამდებობებიდან 28 სოციალური მუშაკი გაათავისუფლა.