გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ჰააგაში ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

9-03-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჰააგაში განთავსებულ ევროპოლის შტაბ-ბინას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, რობ უეინრაითს შეხვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა ხელი მოაწერეს „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს და „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტები მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის. მათი მეშვეობით ხდება საქართველოსა და ევროპოლს შორის 2017 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია. კერძოდ, უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ, საქართველოსა და ევროპოლს შორის შეიქმნება უსაფრთხო კომუნიკაციის არხი, რომლის მეშვეობითაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაცვალონ ინფორმაცია და მონაცემები, მათ შორის, ოპერატიული სახის ინფორმაცია.


მეკავშირეობის შესახებ შეთანხმება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მის საფუძველზე, საქართველოს უკვე აქვს შესაძლებლობა, წარგზავნოს თავისი მეკავშირე ოფიცერი ევროპოლის შტაბ-ბინაში.


გიორგი გახარიამ ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და ორგანიზებული დანაშაულისა და კომპიუტერული დანაშაულის საფრთხეების შეფასებისთვის აუცილებელი მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიის ქართული მხარისთვის გაზიარების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ამ სფეროებში ევროპოლს დიდი გამოცდილება აქვს და აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობებს, დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დააფიქსირა ევროპის კიბერდანაშაულის ცენტრთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა, რომელიც ევროპოლის სისტემაში 2013 წელს შეიქმნა.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით თანამშრომლობაზე ქართული მხარის სრული მხარდაჭერა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031