15-02-2020
„დღეს მოცემულობა არის ასეთი - ამერიკის შეერთებული შტატები და „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს დიალოგს და ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც ნაჩქარევი განცხადება გააკეთა, გადის დიალოგიდან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას, არჩილ თალაკვაძემ ის საკითხებიც დაასახელა, რაზეც ამერიკელ პარტნიორებთან ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი თემა იყო ოპოზიციასთან დიალოგი და მმართველი გუნდის შეთავაზება, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კომპრომისული და სამართლიანია.
„ამერიკელ კოლეგებთან გვქონდა საუბარი ჩვენს გადაწყვეტილებებზე და გეგმებზე, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ და პირდაპირ გეტყვით, რომ მათი მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ პროცესების ბოლომდე მიყვანას და ამ გადაწყვეტილების განხორციელებას, რომელიც განმუხტავს არსებულ სიტუაციას.
მიგვაჩნია, რომ ჩვენი შეთავაზება - 100/50 არის კომპრომისული და სამართლიანი. ჯერ კიდევ აშშ-ში წასვლამდე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ მზად ვართ განხილვისთვის, შემდეგი დიალოგისთვის და ოპოზიციამ, როგორც ჩანს, იჩქარა და ძალიან ნაჩქარევი განცხადება გააკეთა, რომ გადის დიალოგიდან“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ არ ეთანხმება ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ არჩევნებს ნებისმიერი სისტემით მოიგებენ.
„როდესაც ამერიკა და საქართველოს ხელისუფლება დგას ერთ პოზიციაზე, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს და ოპოზიციის ერთი ნაწილი, ვინც უფრო დესტრუქციულობით გამოირჩევა, ამბობს, რომ გადის დიალოგიდან და ასევე, ამბობს პარალელურად, რომ მზად არიან ნებისმიერი სისტემით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეს უბრალოდ, ერთი მეორეს გამორიცხავს. თუ ნებისმიერი სისტემით მზად არიან, მაშინ დაეთანხმონ უფრო უკეთესს, ვიდრე არის დღევანდელი და 100/50-ზე რომ ბევრად უკეთესია, ვიდრე დღევანდელი, ამას ელემენტარული მათემატიკა მოწმობს“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.