17-02-2020
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას,თქმით, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას ოპოზიცია გააპროტესტებს.
„სამშაბათს პლენარულ სხდომაზე მოდის შოთაძე, მანამდე მოდის კომიტეტზე. ჩვენ ვაპირებთ, სამშაბათს მოვახდინოთ პარლამენტის პიკეტირება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, რადგან ძალიან მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ დავაფიქსიროთ საზოგადოებრივი პროტესტი იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც სწორედ საზოგადოებრივი ზეწოლის და სკანდალის ფონზე ივანიშვილმა ერთხელ უკვე გაუშვა და ახლა აბრუნებს. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი დამნაშავე, რომელიც ფარავდა სხვა პროკურორების დანაშაულს. ვაპირებთ, პროტესტი დავაფიქსიროთ პარლამენტის შენობის გარეთ. თუმცა ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ კონკრეტული დეპუტატები შევიდეთ პარლამენტის შენობაში, რომ იქაც გარკვეულ პროტესტს ჰქონდეს ადგილი.
ამ ეტაპზე არანაირი კითხვები არ გვაქვს. ყველა კითხვა, მათ შორის ხორავას ქუჩის საქმეზე, რაც კი შეიძლება დასმულიყო შოთაძის მიმართ, დაისვა საგამოძიებო კომისიაში, რომლის საბოლოო დასკვნა ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“, რადგან არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნება იმისა, რომ დაისაჯონ დამნაშავეები. ასეთ დამნაშავედ გვევლინება თავად შოთაძე, რომელიც ერთხელ გაათავისუფლა ივანიშვილმა და ახლა აბრუნებს, რათა ფარცხალაძის გავლენებით და შოთაძის ხელით გააგრძელოს პოლიტიკური დევნა და ჩაატაროს ძალადობრივი არჩევნები. მაგრამ ბუნებრივია, როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩაატაროს ივანიშვილმა, კონსოლიდირებულია უკვე აზრი ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ, რომ ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.