17-02-2020
სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, “Fitch” - ის ანგარიშში ერთმნიშვნელოვნადაა ხაზგასმული ის ფაქტორები, რომლებიც საფუძვლად უდევს აღნიშნულ გადაწყვეტილებას - ესაა მმართველობის მაღალი ხარისხი, რეგიონული შოკების მიუხედავად მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება და მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო.
სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის ძლიერი ფაქტორია ის, რომ 2019 წელს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო. 2020 წლისთვის „Fitch“-ის საპროგნოზო მაჩვენებელი „BB“ კატეგორიის ქვეყნების ბოლო 5 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდის 4.2%-იან მაჩვენებელზე მეტი იქნება.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველომ საგარეო მოწყვლადობის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის ზრდაში აისახა. მისი თქმით, აღნიშნულმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე, რაც დღეს ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზეა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით ეს ტენდენცია უახლოეს წლებში შენარჩუნდება.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, „Fitch“- ის ანგარიშში დასახელებულია ფაქტორები, რომელთა შემდგომი გაუმჯობესება პოზიტიურად აისახება საქართველოს პერსპექტივაზე გაიუმჯობესოს სარეიტინგო მაჩვენებელი. ესაა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომი შენარჩუნება, საგარეო მოწყვლადობის შემცირება და რეფორმები, რომლებსაც მთავრობა განვითარების პარტნიორებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად ატარებს.