18-02-2020
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2019 წლის ანგარიში წარადგინა, ქვეყანაში არსებულ სოციალურ გამოწვევებსა და საარჩევნო რეფორმის საკითხებზე ისაუბრა.
„დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ სიღარიბის ზღვარს მიღმა 1 150 ათასი ადამიანი დაგვხვდა და ეს შემცირებულია 740 ათასამდე, მაგრამ კმაყოფილების არცერთი სიტყვა არ უნდა დასცდეს ადამიანს, ვიდრე ერთი გაჭირვებული იქნება მის ქვეყანაში, ვიდრე რეფორმები, რასაც ხელისუფლება ატარებს, კიდევ უფრო მეტ დინამიკას არ შეიძენენ. უბრალოდ სტატისტიკა უნდა ვთქვათ - რა იყო, რა არის და რა გვინდა! გულწრფელი მოქმედებების საფუძველი პარლამენტის მუშაობა და ხელისუფლების მუშაობა უნდა იყოს, რომელიც მიმართული იქნება, რომ გაჭირვება, სიღარიბე ბოლომდე აღმოიფხვრას და იგი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ეს ერთ და ორ დღეში, რა თქმა უნდა, არ ხდება, მაგრამ თუკი ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადაიდგმება, ყველამ ვიცით, რომ ეს შედეგი იქნება. შედეგი იქნება აუცილებლად დეოკუპაცია და რუსეთის ჰიმნის ფონზე კი არა, საქართველოს ჰიმნის ფონზე და ქართველი გმირების მაგალითზე, იუნკერების მაგალითზე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციებზე და მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა.
„საარჩევნო რეფორმის ფარგლებში კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ გარდა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებისა, ჩვენ მზად ვართ ის რეკომენდაციებიც მოვისმინოთ, რომელიც დღეს არის პოლიტიკურად ცენტრალური, ასე დავარქვათ პირობითად, ჩვენი ამერიკელი და დასავლელი ევროპელი პარტნიორების მხრიდან წარმოდგენილი, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას. თუ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მართლაც 30%-ია, ამ საოცარ მოცემულობას, რეალობას აცდენილს, როდესაც გვთავაზობენ ჩვენი ძვირფასი რუსეთის ჰიმნის გულით მატარებელი ოპონენტები, მაშინ რა პრობლემაა სულ რომ მაჟორიტარული სისტემა იყოს, შეუძლებელია ნახევარ შემთხვევაშიც კი წარმატებას მიაღწიოს იმ გუნდმა, რომელსაც 30%-იანი მხარდაჭერა აქვს. შეიძლება იყოს მხოლოდ გამონაკლისები, ცალკეულ მაჟორიტარულ ოლქებში გაიმარჯვოს იმ პარტიამ, რომელსაც საერთო ჯამში 30%-იანი და 25%-იანი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მათ ჩვენზე კარგად იციან, ჩვენზე ხშირად ატარებენ კვლევებს და იციან, რომ „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის ისეთივე, როგორიც ეს იყო წინა ყველა არჩევნებზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ქვეყნის საგარეო კურსის კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კოლეგებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს არის ევროპა და ევროატლანტიკური ალიანსი და ჩვენ აუცილებლად გავხდები ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, იმიტომ რომ ქართველს ევროპელობა სულში უზის, იმიტომ რომ ის არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი და არა ისე, როგორც მეორე მხრივ, ვიღაცეები გვიყიჟინებენ ხოლმე რომ ევროპული იდენტობის მოშლის საფუძველზე გავხდეთ სადღაც რომელიღაც ოჯახის წევრები. მაგრამ ეს არის ევროპა, სადაც ჩვენი ეროვნული იდენტობით გველოდებიან, ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი კულტურით, ჩვენი მენტალობით გველოდებიან და ამის აღქმა არ უნდათ, ვიღაცა ერთის გამო მეორეს გამორიცხავს მეორეს გამო მესამეს გამორიცხავს და ქართველი ადამიანის ქართველი კაცისა და ქალის რეალურ მისწრაფებას რომ საკუთარი ტრადიციებითა და კულტურით გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი გადადებენ გვერდზე და ნიჰილიზმს თესავენ. პროდასავლურს ქადაგებენ, პროდასავლურად მეტყველებენ თითქოს და რეალურად აკეთებენ ოკუპანტის საქმეს და დღეს, ამ დარბაზში ამის ერთ-ერთი გამოვლინება ვიხილეთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.