გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა ამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს და მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას

20-02-2020

მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა ამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს და მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.


როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს, ფინანსთა სამინისტრომ საჯაროდ განმარტა, რომ მსგავსი პრაქტიკა არ გაგრძელდებოდა და ტელემაუწყებლებს მოსთხოვა მიმდინარე გადასახადების გადახდა.


„ეს პოლიტიკა, დამეთანხმებით, თანაბარ პირობებში აყენებს ყველა ტელევიზიას და ამავდროულად, აორმაგებს კერძო მაუწყებლების მიერ ბიუჯეტში გადახდილ თანხებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


ივანე მაჭავარიანი, ასევე, შეეხო ზოგიერთი ტელევიზიის დავალიანების საკითხს და განაცხადა, რომ გასული წლის ბოლოდან, ტელემაუწყებლებთან დაწყებულია აქტიური კომუნიკაცია დავალიანების დაფარვის კონკრეტული გრაფიკის წარმოსადგენად.


„დღეის მდგომარეობით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ტელეკომპანიების მიერ, უკვე წარმოდგენილია წინადადებები საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, რომლის მიხედვით, ტელეკომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში, შესაბამისი გადახდის გრაფიკით უზრუნველყოფენ მათ მიერვე დეკლარირებული გადასახადების სრულად გადახდას. აღნიშნული გრაფიკი, ტელეკომპანიებს საშუალებას მისცემს არ შეწყვიტონ მაუწყებლობა და სრულად დაფარონ დაგროვილი საგადასახადო ვალდებულებები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მან კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა მედიასაშუალებების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესსუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება.


„ტელეკომპანიებისთვის მიმდინარე გადასახადის სრულად გადახდით, ყველა მაუწყებელი პირველად ჩადგება თანაბარ, კონკურენტულ პირობებში, რითაც სატელევიზიო ბაზარზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება თამაშის ერთიანი წესები,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930