24-02-2020
ა(ა)იპ "რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდმა" და სოციალური თექის საწარმო "ედენამ" გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის საგრანტო კონკურსის ორთვიანი შერჩევის პროცესში ორი საფეხური გაიარეს და სრული დაფინანსება მიიღეს.
პროექტი 15-თვიანია და სამ ძირითად აქტივობას მოიცავს. პროექტის მიზანია რეგიონში ხელი შეუწყოს ქალების გაძლიერებას, რომლებიც შეირჩევიან მოწყვლადი ჯგუფებიდან.
პროექტის ფარგლებში 80-მდე ბენეფიციარი სოციალური საწარმო "ედენას" გარშემო გაერთიანდება. სახელოსნო მოეწყობა ახალ საკუთარ სიცრცეში, ქალაქ ონში, რუსთაველის 15-ში. სახელოსნო რეწვის სხვადასხვა მიმართულებით გეგმავს ასორტიმენტის გაზრდას და ჯგუფების გადამზადებას. ეს მიმართულებებია: თექა, ბატიკა, მინანქარი, ქარგვა, ხის სუვენირების შექმნა. ასევე, ჩატარდება დიზაინის და მარკეტინგის ტრენინგები დამწყები საოჯახო სასტუმროების დიასახლისებისთვის. ტრენინგს წარუძღვება მოწვეული ტრენერი. ვორკშოპები შემჭიდროვებული პროგრამით დაგეგმილია ამბროლაურის, ცაგერის და ლენტეხის ქალბატონებისთვისაც, რომლებსაც ტრენერები გაკვეთილებს ჩაუტარებენ ადგილზე ჩასვლით.
პროექტის ბოლოს სახელოსნო შეარჩევს და კონკრეტულ მიმართულებებზე გადაამზადებს 20-მდე ბენეფიციარს, რომლებიც დასაქმდებიან შესაბამის შეკვეთებზე სახელოსნოში.
მეორე მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს ეთნო-ტურისტული მაღაზიის მშენებლობა-მოწყობა სახელოსნოს მიმდებარედ, რომელიც იქნება, ასევე, სოციალური მისიის მატარებელი. გარდა სახელოსნოს ნაწარმისა მაღაზია დაეხმარება სხვა ტურისტული პროდუქციის მწარმოებელ თუ მომსახურების მქონე მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის ნიმუშების გამოფენაში და მომსახურების რეკლამირებაში.
მესამე ძირითად აქტივობას წარმოადგენს აგვისტოში ეთნოტურისტული ფესტივალი სოფელ გონაში, რომლის ერთ-ერთი მიზანიც სოფლის ტურისტული პოტენციალის მხარდაჭერა იქნება. გარდა ამისა, სახელოსნო აქტიურ ტურისტულ სეზონზე ეზოშივე გეგმავს საჩვენებელ გაკვეთილებს და რეწვის ცოცხალ პროცესს ტურისტებისათვის, სივრცე იქნება ღია და ნებისმიერი მსურველი შეძლებს ადგილზევე დაესწროს სუვენირების შექმნის პროცესს და თავადაც ჩაერთოს მასში. სასტუმროებს და გიდებს შესაძლებლობა ექნებათ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ეს კულტურული ტურისტული ლოკაცია შეიყვანონ თავის ტურებში.
სახელოსნო და მაღაზია საზეიმოდ სავარაუდოდ, აპრილ-მაისის თვეში გაიხსნება. პროექტის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა კი დაგეგმილია 2021 წლის მარტში თბილისში ფოლკლორის ცენტრში მასშტაბური გამოფენით.
პროექტის პრეზენტაცია თებერვლის ბოლოს მერიაში გაიმართება.
ონის მუნიციპალიტეტის ორი აქტიური ორგანიზაცია - ააიპ "რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდი" (ხელმძღვანელი - ინგა მეტრეველი) და სოციალური თექის საწარმო "ედენა" (ხელმძღვანელი - ლილიანა მაისურაძე) საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის ნოემბერში გაერთიანდა.