25-02-2020
„ჩინეთში არსებობს მტკიცე რწმენა, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში საბოლოოდ დავამარცხებთ ამ ეპიდემიას, – თქვა ელჩმა. – ეპიდემიის ცენტრის გარდა (უჰანის პროვინცია – რედ.) პროვინაციებისა და ქალაქების უმეტესობაში ამ თვის ბოლომდე აღდგება ნორმალური რეჟიმი. რა თქმა უნდა, ეპიდემიის ცენტრში, ვფიქრობ, ეს მომენტი მოგვიანებით დადგება – დაახლოებით მარტის განმავლობაში“.
დიპლომატის თქმით, ჩინეთში შემუშავებულმა ვაქცინამ უკვე აჩვენა თავისი ეფექტი, თუმცა დამატებითი კვლევებია საჭირო. „ჩვენმა მეცნიერებმა უკვე მოგვცეს ვირუსის სამგანზომილებიანი აღწერა – ეს ძალიან კარგი საფუძველია ვაქცინის შესაქმნელად. ჩინეთში უკვე შეიმუშავეს ვაქცინა, რომელიც იმუნიტეტს აჩვენებს, მაგრამ ეს წინასწარი შედეგებია, კიდევ საჭიროა დრო [ვაქცინის] შემდგომი ექსპერიმენტებისა და დამუშავებისთვის“, – განმარტა ელჩმა.
მან კორონავირუსთან ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა, მათ შორის, რუსი სპეციალისტების ჩართულობაზე, რისთვისაც რუსეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
„წელს ჩვენ ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. იცით, რომ ეპიდემიის ცენტრი – ქალაქი უჰანი – გმირი ქალაქია. 80 წლის წინ ჩვენ ერთად ვიბრძოდით ამ ქალაქში იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ. იქ არიან დაკრძალულები საბჭოთა ჯარისკაცები, მფრინავები, – გაახსენა დიპლომატმა ჟურნალისტებს ისტორია, – ასე რომ, ეპიდემიის შემდეგ უჰანში გეპატიჟებით, ეს ლამაზი ქალაქია“.
ელჩმა ჩინური მედიცინის ეფექტიანობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კორონავირუსული ინფექციის მკურნალობა 85%-ით და მეტით ეფექტიანია ჩინური მედიცინის წყალობით. მისი თქმით, დაავადების ადრეულ ეტაპზე ჩინური მედიცინით მკურნალობის შემთხვევაში პაციენტებს გართულებები აღარ აღენიშნებათ.
„ყველაზე ეფექტიანი კი – ეს არის ევროპული მედიცინა ჩინურ მედიცინასთან შეხამებით, – განაცხადა მან. – ყოველდღიურად 2000 ადამიანის გამოჯანმრთელება ხდება, მაშინ როდესაც რამდენიმე ასეული ადამიანი ინფიცირდება ყოველდღე“.
2 დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი პრობლემის წინაშე დადგა – უჰანში ახალი კორონავირუსით განმეორებითი ინფიცირების 195 ფაქტი დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები ვერ ხსნიან. ამის გამო 22 თებერვლიდან ქალაქის ხელისუფლება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს დამატებით კიდევ 14-დღიანი კარანტინის გავლას ავალდებულებს.