25-02-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გურკელში, წინუბანში, აგარაში, საყუნეთსა და ზიკილიაში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოფლის საერთო კრებებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითადი პრიორიტეტეტები განიხილეს და იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, თითოეულ დასახლებაში ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები. ძირითად საჭიროებებად დასახელდა შიდა გზების, სასმელი წყლის შიდა ქსელის, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლისა და მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. საკონსულტაციო შეხვედრებზე შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.