25-02-2020
შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები განიხილეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მექანიზმი შეიქმნა იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობა გახდეს უფრო კოორდინირებული. ციხელაშვილის განცხადებით, სამუშაო პროცესში ძალიან აქტიურად არის ჩართული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.
„ეს არის პირველი სხდომა ამ კომისიის, ეს მექანიზმი შეიქმნა ახლახანს იმისათვის, რომ ჩვენი მუშაობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მიმართულებით გახდეს უფრო კოორდინირებული, მასში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ამ სამუშაოს კოორდინაციას უწევს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. საუბედურო და ტკივილიანი გამოცდილების გამო, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ 2300-ზე მეტი პირი არის უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული. დღეისათვის ჩვენ მოვახერხეთ 500-ზე მეტი ნეშტის ექსგუმირება ორი ჰუმანიტარული მექანიზმის ფარგლებში, ეს არის ორმხრივი ქართულ-აფხაზური და სამმხრივი ქართულ-რუსულ-ოსური კომისიები. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ სამუშაოში და მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო უდიდესი წვლილისთვის, რომელიც ამ ორგანიზაციამ ნამდვილად შეიტანა ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. ბევრი ოჯახისთვის ისიც კი, რომ მათ იციან სად არის ახლობლის საფლავი ამ უმძიმეს ვითარებაში არის ერთგვარი შვება. ჩვენ კიდევ ბევრი ადამიანი გველოდება და ელოდება საკუთარი ახლობლის ბედის გარკვევას და მგონია, რომ მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს რა თქმა უნდა მაქსიმალურად, მათ შორის ინფორმაციის გაზიარებით, სადაც ანონიმურობა ცხადია დაცულია, თუ უბრალოდ გაცხადებით აი ამ პირების შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაკარგულთა რიცხვი საგრძნობლად აღემატება მათ რიცხვს, რომლებიც დღეს სიაში არიან.“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია 2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს 1990-ანი წლების და 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიკაციის და ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი.