26-02-2020
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 262.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 67.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის იანვართან შედარებით 12.4 პროცენტით გაიზარდა და 177.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 85.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (43.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (30.5 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (23.8 მლნ. აშშ დოლარი).
2020 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 49.4 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.9 პროცენტს შეადგენს. წელს პირველად მოხვდა ადგილობრივ საექსპორტო სამეულში ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრანტები, რომელიც მეორე ადგილზეა - 16.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 15.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი).