27-02-2020
დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.
ბრალდების მხარე, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორების განმარტებით, კვლავ არსებობს ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაცვის მხარეც დაეთანხმა. ასევე ადვოკატის თქმით, გამოსაკვლევია ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.
ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალი 11-109-მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.