13-03-2018
„ქართული ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვს. ამის მიზეზს პრემიერის მოსკოვისადმი მიმართვა წარმოადგენს, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილმა, სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე, რუსეთის ხელისუფლებას კონსტრუქციული ურთიერთობისაკენ მოუწოდა. ოპოზიციამ პრემიერის განცხადება კაპიტულანტურად მიიჩნია, ხოლო ის ტონი, რომლითაც განცხადება გაკეთდა, საქართველოსთვის დამამცირებელად“, - აღნიშნულია რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
საინფორმაციო-შემეცნებით პორტალი NSP.GE გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შინაარსი. „რასაკვირველია, როცა ამ განცხადების ტექსტს ამზადებდა, პრემიერ-მინისტრი, უეჭველია, ოპოზიციის ნეგატიური რეაქციას გაითვალისწინებდა. მაგრამ იმ პატურ მდგომარეობაში, რომელიც დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე სამხრეთ ოსეთის მიერ უარის თქმის გამო შეიქმნა - კათოლიკოს-პატრიაქრქის მიმართვის იგნორირების ჩათვლით, თბილისს რაღაც სვლა უნდა გაეკეთებინა. არა იმდენად კონკრეტული შედეგის მისაღწევად, რამდენადაც იმ პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რომელიც ყველანაირად მიუღებელია - მოტივების, ტრადიციების, ურთიერთობის გათვალისწინებით“, - აღნიშნავს ავტორი.
პუბლიკაციაში საუბარია ოპოზიციური ლიდერების ნეგატიური დამოკიდებულებაზე პრემიერის ნაბიჯის მიმართ: ციტირებულია რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის და „ნაცმოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებები, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას კომენტარი. ოპოზიცია თვლის, რომ ასეთი სიტუაცია საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია.
„რაც შეეხება მმართველ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თვალსაზრისს, ისინი, პირიქით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას აუცილებლად მიიჩნევენ, რადგან არც საერთაშორისო თანამეგობრობისა და არც კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვებს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მიზნით, დადებითი შედეგი არ გამოუღია. ამასთან, „ქართული ოცნების“ აზრით, მოსკოვის რეაქციას საქართველოს პრემიერის მიმართვაზე შეუძლია პასუხი გასცეს კითხვას - შედის თუ არა რუსეთის ინტერესებში საქართველოსთან ურთიერთობის რეალური გაუმჯობესება“, - წერს სტატიის დასასრულს ავტორი.