2-03-2020
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე იმსჯელეს.
როგორც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ სხდომის დასაწყისში განაცხადა, კომისია აგრძელებს მანდატით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
„ჩვენ გვქონდა არაერთი სხდომა, რომელიც მიეძღვნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარების განხილვას, ანალიზს. დღევანდელი ერთობლივი სხდომა ეძღვნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული ვითარების მიმოხილვას, ადგილზე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას, იქ არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მომხსენებლებთან წინასწარი კონსულტაციების და დასაბუთებული არგუმენტაციების შედეგად, გადაწყდა სხდომის დახურულ რეჟიმში გამართვა. შესაბამისად, სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
საკითხზე მოხსენებები გააკეთეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ადმინისტრაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა თამაზ ბესტაევმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ.
პარლამენტის წევრების გარდა, სხდომას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმური ხელისუფლების, სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.