3-03-2020
არ არსებობს დადასტურებული კვლევები, რომ კორონავირუსი ორსულებში ძალიან მძიმედ მიმდინარეობს ან პირიქით, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თსსუ-ის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელძღვანელმა, მეან-გინეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ორსულების მიმღეობა ამ ვირუსთან დაკავშირებით სხვა ადამიანებთან შედარებით მაღალია.
„მიუხედავად იმისა, რომ ორსულებში იმუნოლოგიური, ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ასეთი ინფორმაცია არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის. რაც შეეხება კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებებს, ორსულების შემთხვევაშიც იგივეა, რაც შეიძლება იყოს არაინფიცირებული, ჯანმრთელი ადამიანებისთვის. კერძოდ, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს. ეს იქნება ხელის დაბანა, პირბადის ტარება და ასე შემდეგ“, - განაცხადა მეან-გინეკოლოგმა.
მისივე თქმით, ასევე, ჯერ-ჯერობით არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს თუ არა ეს ინფექცია ორსულებში.
„ჩვენ გვაქვს სხვა ვირუსები, რომელთა დროსაც ნაადრევი მშობიარობის, დაკარგული ორსულობის, მკვდრადშობადობის შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა არც არსებობს დადასტურებული კვლევები, რომ ეს შემთხვევები მართლაც კონკრეტული ვირუსებით იყო გამოწვეული. უმეტეს შემთხვევებში ორსულებში ასეთ გართულებებს მაღალი ტემპერატურა იწვევს, განსაკუთრებით მე-2 და მე-3 ტრიმესტრის დროს. ვარაუდი, რომ აღნიშნული გართულებების მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს კორონავირუსი, არ არსებობს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.