24-12-2017
მთავრობამ საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 3.16 მლრდ ლარით განსაზღვრა, დამატებითი ღირებულების გადასახადიდან - 4.4 მლრდ ლარს ელის, აქციზიდან - 1.45 მლრდ-ს, მოგების გადასახადიდან - 630 მლნ-ს, იმპორტის გადასახადიდან - 60 მლნ-ს, „სხვა გადასახადებიდან“ კი 170 მლნ ლარს.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ფიქრობს, რომ იმ პირობებში, როცა 2017 წლის პირველ 10 თვეში, 4,9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2018 წელს - 4,5%-იანი ზრდის უზრუნველყოფა პრობლემა არ უნდა იყოს, თუმცა ეკონომიკური გარღვევისთვის ეს საკმარისი არ არის:
„იმ ფონზე, თუ როგორ გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ხარჯები, ვფიქრობ, რომ მომავალ წელს, ეკონომიკის 4,5%-იანი ზრდა რეალურია. ეს პირდაპირ ახალისებს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ, საერთო ჯამში, 4,5%-იანი ზრდა, ვერც საშუალო და ვერც გრძელვადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, სიღარიბის დაძლევასა და მოსახლეობას გამდიდრებას ვერ უზრუნველყოფს“.
ინფრასტრუქტურა, განათლება და ჯანდაცვა - ასეთია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მომავალ წელს 1.815 მლრდ ლარი აქვს გამოყოფილი. აქედან - 1.310 მლრდ ლარი საავტომობილო გზების მშენებლობას მოხმარდება, 196 მლნ ლარი - წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხოლო 288,5 მლნ ლარი - რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2018 წელს 1.186 მლრდ ლარი ექნება ასათვისებელი: ზოგადი განათლება 671 მლნ-ით ფინანსდება, სკოლები - 600 მლნ-ით, უმაღლესი განათლების პროგრამები - 133 მლნ-ით და საგანმანათლებლო ინფრასტუქტურის განვითარება - 97 მლნ ლარით.
ყველაზე დიდი ბიუჯეტი კი ტრადიციულად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს - 3.528 მლრდ ლარი, რაც 2018 წლის ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28%-ზე მეტია. აქედან პენსიებსა და სოციალურ დახმარებებზე - 2.468 მლრდ ლარი წავა, ჯანდაცვის პროგრამებზე კი 983 მლნ ლარი, კონკრეტულად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 704 მილიონით დაფინანსდება.
ეკონომისტი ბესო ნამჩავაძის ვარაუდით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მომავალ წელსაც დააკლდება თანხა: „2017 წლის სულ ბოლო მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 40 მილიონი ლარი დააკლდა, მაშინ როცა დაახლოებით 700 მლნ ლარი იყო ამ პროგრამაზე გამოყოფილი. მომავალ წელს, საყოველთაო ჯანდაცვა 704 მილიონით ფინანსდება, თუ გავითვალისწინებთ ლარის კურსის ზეგავლენას მედიკამენტების ფასებსა და ზოგადად ჯანდაცვის სერვისებზე, ვფიქრობ, რომ არც ეს თანხა იქნება საკმარისი“.
2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტი 1,206 მლრდ ლარია, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 45%-ს შეადგენს. ახალი სახელმწიფო ბიუჯეტი 1.236 მლრდ ლარის ოდენობის საერთაშორისო საინვესტიციო კრედიტებისა და 350 მლნ ლარის მხარდამჭერი უცხოური კრედიტების ათვისებას ითვალისწინებს. სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის კი 1.015 მლრდ ლარია გათვალისწინებული.
ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2018 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 17.931 მლრდ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული (აქედან - სახელმწიფო საგარეო ვალისა – 14. 026 მლრდ ლარით, სახელმწიფო საშინაო ვალისა − 3. 905 მლრდ-ით).
2018 წლის ბიუჯეტს მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ (111 დეპუტატი) დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ოპოზიციის აზრით, მთავრობის ფართოდ რეკლამირებულ სტრუქტურულ რეფორმას, სამინისტროების გამსხვილება-შემცირებას საბიუჯეტო ხარჯის რეალური შემცირება არ მოჰყოლია.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები პირიქით, 56.2 მლნ ლარით გაიზარდა და 12.459 მლრდ ლარს შეადგენს, ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9.720 მლრდ ლარია, აქედან - შრომის ანაზღაურებაზე - 1.413 მლრდ-ი, „საქონელსა და მომსახურებაზე“ – კი 1.201 მლრდ ლარი დაიხარჯება, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა - 768 მლნ ლარს შეადგენს.
სამინისტროების დაფინანსება 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით:
•შრომის, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტრო - 3.52 მლდ ლარი;
•რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 1.81 მლდ. ლარი
•განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდ. საქმეთა სამინისტრო - 1.18 მლრდ ლარი;
•თავდაცვის სამინისტრო - 802 მლნ ლარი;
•შინაგან საქმეთა სამინისტრო - 569 მლნ ლარი;
•კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 285 მლნ ლარი;
•გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 274 მლნ ლარი;
•ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრი - 229 მლნ ლარი;
•სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 150 მლნ ლარი;
•საგარეო საქმეთა სამინისტრო - 120.9 მლნ ლარი;
•ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - 96.2 მლნ ლარი;
•ფინანსთა სამინისტრო - 82.3 მლნ ლარი;
•იუსტიციის სამინისტრო - 63 მლნ ლარი;
•შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი -1.6 მლნ ლარი.
--------
სხვა უწყებების დაფინანსება 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით:
•სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 123 მლნ. ლარი;
•საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი - 82 მლნ. ლარი;
•საერთო სასამართლოები - 71.1 მლნ. ლარი;
•ცენტრალური საარჩევნო კომისია - 67 მლნ. ლარი;
•საზოგადოებრივი მაუწყებელი - 52.5 მლნ. ლარი;
•პარლამენტი - 52 მლნ ლარი;
•მთავრობის სარეზერვო ფონდი - 50 მლნ. ლარი;
•საპატრიარქო - 25 მლნ. ლარი;
•მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი - 20 მლნ. ლარი;
•მთავრობის ადმინისტრაცია - 16.5 მლნ. ლარი;
•აუდიტის სამსახური - 14.5 მლნ. ლარი;
•საგარეო დაზვერვის სამსახური - 13.5 მლნ. ლარი;
•პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9.8 მლნ. ლარი;
•უზენაესი სასამართლო - 8.4 მლნ. ლარი;
•სამხარეო ადმინისტრაციები - 6.13 მლნ. ლარი;
•იურიდიული დახმარების სამსახური - 6.04 მლნ. ლარი;
•ვეტერანების საქმეთა სამსახური - 5.7 მლნ. ლარი;
•სახალხო დამცველი - 5.5 მლნ. ლარი;
•პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი - 5 მლნ. ლარი;
•საკონსტიტუციო სასამართლო - 4.15 მლნ;
•იუსტიციის უმაღლესი საბჭო - 3.8 მლნ. ლარი;
•სახელმწიფო ენის დეპარტამენტი - 500 ათასი ლარი.