6-03-2020
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე კიდევ სამმა ბრალდებულმა - კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა დანაშაული აღიარა.
გასულ სხდომაზე მათ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდაო გახადეს.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და ძირითად სასჯელად განესაზღვრათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით, იგივე გამოსაცდელი ვადით. მათვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა თითოეულს 2000 ლარის ოდენობით.
პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა აღიარეს წარდგენილი ბრალდება, უდაოდ გახადეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რაც სხვა გარემოებებთან ერთად გახდა აღნიშნული შეთანხმების გაფორმების საფუძველი.
„20-21 ივნისის საქმეზე სულ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იყო 18 პირის მიმართ, მათგან 17-ს ბრალი წარედგინა ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის, ხოლო 1 პირს ასევე მისი ხელმძღვანელობისთვის. აღნიშნული პირებიდან 14-მა აღიარა წარდგენილი ბრალდება, უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და უკვე ცამეტ ადამიანს გაუფორმდა შეთანხმება“-აღნიშნა პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
ბრალდების აღიარების გათვალისწინებით, 2019 წლის 20 ივნისის აქციის ორ მონაწილეს თორნიკე დათაშვილს და გიორგი ჯავახიშვილს საპროცესო შეთანხმება 4 მარტს გაუფორმდა.
20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური მოქმედების ფაქტზე დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.
დღეის მდგომარეობით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებულია 2 პირის - ირაკლი ოქრუაშვილისა და ბესიკ თამლიანის მიმართ.