7-03-2020
ჟურნალისტი არ უნდა იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად, არამედ რეალურად წარუდგენდეს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოში ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ჰქონდა, რადგან თვლის, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.
„ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ დემოკრატიის სამ საყრდენს: აღმასრულებელ შტოს, კონგრესის – საკანონმდებლო შტოს და სასამართლოს. მაგრამ არის მეოთხე შტო, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის მედია. ვინაიდან მე თავად ვიყავი ჟურნალისტი, ვიდრე დიპლომატი გავხდებოდი, ნამდვილად ვაფასებ ამას. ეს არის ამერიკის ფუნდამენტური ფასეულობა – თავისუფალი და აქტიური მედია, რომელიც არ განიცდის პოლიტიკურ ზეწოლას. ვფიქრობ, ეს ცენტრალური საკითხია საქართველოსთვის და ნებისმიერი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანი მედიის თვითრეგულირების საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჟურნალისტი მკაცრად უნდა ეთიკის კოდექსს.
„ამის მეორე მხარე ის არის, რომ მედია უნდა ახდენდეს თვითრეგულაციას ეთიკის კოდექსით. ეს შთამაგონეს მე, როცა უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის სკოლაში ვსწავლობდი და მოგვიანებით, როცა ჟურნალისტი ვიყავი. ვფიქრობ, აშშ-ში უმეტესად ასეა, რომ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თვითრეგულაცია, მკაცრად იცავდეს ეთიკის კოდექსს და არ იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად, არამედ რეალურად წარუდგენდეს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩი მსოფლიოში დეზინფორმაციის მხრივ არსებულ გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას.
„ასე რომ, ნამდვილად ჩართული ვარ ამაში, მსურს მეტად ჩავერთო, რაც დრო გავა და მეტი გავიგო. შემაშფოთებელია, როცა მესმის ზოგიერთ შემთხვევაზე, როცა, როგორც ჩანს, არის გარკვეული ზეწოლა მედიასაშუალებებზე. არ შემიძლია თქმა, რომ დეტალურად ვიცი საკითხი და ძალიან ვერ ჩავუღრმავდები. თუმცა, აშკარაა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან რთული დღევანდელ მედიაგარემოში, სადაც არიან ბლოგერები, სოციალური მედია, დეზინფორმაცია და სიცრუე, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და რომლის სიმართლისგან გარჩევა ძალიან რთულია. ჩვენ ვებრძვით ამას აშშ-ში და მთელ მსოფლიოში. ვცდილობთ მოვიფიქროთ, როგორ მიიღოს საზოგადოებამ ზუსტი ინფორმაცია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.