გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

7-03-2020

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

7 მარტს სამუშაოები ტარდება N2, N3, N5, N6, N8, N11, N12, N14, N16, N17, N18 პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე გარე დაცვის, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოების ბაზებზე (მათ შორის დეზინფექცია უტარდება ესკორტირების მანქანებს, რომელთა მეშვეობით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებსა და სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გადაყვანა ხორციელდება).

8 მარტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება N7, N9, N15 და N19 პენიტენციურ დაწესებულებებში.
14 მარტს დეზინფექცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობას ჩაუტარდება.

რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება ყველა იმ სივრცეში, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში გარედან შემსვლელი პირი შეიძლება მოხვდეს. კერძოდ, საზოგადოებრივ მისაღებებში, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციულ შენობებში, სამედიცინო ნაწილში, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილ ოთახებში, საგამოძიებო ოთახებში და პატიმრების საცხოვრებელი კორპუსების დერეფნებში. სამუშაოები სპეციალურად არასამუშაო დღეებში ტარდება, რადგან დეზინფექციის შემდეგ, სასურველია, დამუშავებული სივრცე 6 საათის განმავლობაში ცარიელი იყოს.

აღსანიშნავია, რომ ხსნარს, რომლითაც პენიტენციური დაწესებულებები მუშავდება, ხანგრძლივი მოქმედების პერიოდი აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად კვლავ მოხდება პენიტენციურ დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. სამსახური ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ ახალი კორონავირუსის საფრთხისგან დაიცვას როგორც სისტემაში განთავსებული პატიმრები, ასევე პენიტენციური სისტემის თანამშრომლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930