8-03-2020
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იტალიის 15-მდე პროვინციაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინის ზონაში მოექცა. BBC-ს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში დაიხურება სპორტული დარბაზები, აუზები, მუზეუმები და სათხილამურო კურორტები.
კარანტინის პირობებში, რომელიც აპრილამდე გაგრძელდება, არ გაიმართება არც ქორწილები და გასვენებები.
შეზღუდვები და განსაკუთრებული ზომები 3 აპრილამდე იმოქმედებს მილანსა და ვენეციაშიც.
გარდაცვლილთა რაოდენობამ იტალიაში 230-ს გადააჭარბა. 24 საათში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დადასტურებული შემთხვევები კი შაბათს 1200-დან 5 883-მდე გაიზარდა.
"ჩვენ გვსურს, მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ. გვესმის, რომ საგანგებო ზომები მსხვერპლს მოითხოვს, ზოგ შემთხვევაში მცირეს, ზოგჯერ კი - დიდს, თუმცა ახლა ის დროა, როცა საკუთარი პასუხისმგებლობა ვიკისროთ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.
მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, დატოვონ ლომბარდიის რეგიონი, ან - ესტუმრონ რეგიონს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე. მილანი რეგიონის მთავარი ქალაქია.
იგივე შეზღუდვები ვრცელდება კიდევ 14 პროვინციაზე, მათ შორის არის ვენეცია, პარმა და მოდენა.
რას ითვალისწინებს განსაკუთრებული ზომები
კარანტინის პირობებში, გარდა ქორწილებისა და გასვენებებისა, არ ჩატარდება რელიგიური და კულტურული ღონისძიებები.
დაიკეტა კინოთეატრები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, მუზეუმები.
რესტორნები და კაფეები ღიაა დილის 6-დან საღამოს 6 საათამდე, თუმცა მომხმარებლები ერთმანეთისგან სულ მცირე 1 მეტრის დაშორებით სხედან.
მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალურად ეცადონ, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები. ვინც კარანტინს დაარღვევს, სამთვიანი პატიმრობა ემუქრება.
სპორტული შეჯიბრებები გადაიდო.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იტალიის ხელისუფლებას ურჩევს, ფოკუსირებული იყოს ვირუსის გავრცელების შეჩერებაზე. ჩინეთში იძულებითი კარანტინის დაწესებამ კორონავირუსის გავრცელება შეაჩერა.