8-03-2020
ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმებას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებს მადლობას უხდის.
"შეთანხმება მიღწეულია!
20 მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანება ფაქტიურად შეუძლებელი იყო და 30-ზე წამოვიდნენ, რაც კარგია. ე. წ. "პოლიტპატიმრებზე" რომ იტყუებიან, ეგ - ცუდი (იხ. აშშ-ს საელჩოს განცხადება).
ჩვენს მიერ შეთავაზებული ფორმულაც 40%-ის დაზღვევაზე 120/30-თან ერთად, ძალაშია.
ამ ფორმულაში ათვლის წერტილი პროპორციულ ნაწილში მიღებული პროცენტული მაჩვენებელია - საერთო ჯამში პარტია დამატებით ვერ მიიღებს აღებული ხმების 1/4-ზე მეტს მიუხედავად იმისა, რამდენ სამაჟორიტარო ოლქში გაიმარჯვებს მისი კანიდატი.
მაგ. 40%-ით ვერ მიიღებს მანდატების 50%-ზე (40+მისი 1/4 - 10) ანუ 75 მანდატზე მეტს ყველა მაჟორიტარული ოლქიც რომ მოიგოს და ა. შ. იგივე წესი ვრცელდება ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, რის გამოც 40.54 პროცენტის დაფიქსირებიდან პარტიას უკვე შეუძლია 76 მანდატის მიღება და შესაბამისად მთავრობის დაკომპლექტებაც, თუ რა თქმა უნდა მაჟორიტარული ოლქების საკმარისი რაოდენობაც მოიგო.
თუ მაჟორიტარული ოლქების შედეგით ზედა ზღვარს სცდება პარტია, ის ზედმეტ მანდატებს იკლებს პროპორციული მანდატებიდან.
(აღებულია გერმანული სისტემის მთავარი პრინციპი ავღანურით დამახინჯების გარეშე).
როგორც კი ამ ყველაფერს გააანალიზებ და არჩევნებზე "ქართული ოცნების" მოსალოდნელ შედეგს გაითვალისწინებ, რომელიც ვერც ერთ ცუდ სცენარში ვერ დავა 40%-ზე, რამდენად უაზრო და ყალბია ნაცების და მისი განაყოფების ჟივილ-ხივილი, ალბათ გასაგებია .
ხალხის მხარდაჭერიდან გამომდინარე რეალური პროგნოზი ჩვენთვის მომავალ პარლამენტში 90-დან 100 მანდატამდეა. რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იყო შეთანხმება, რადგან მეორე მხარის დიდი ნაწილის მიზანი სხვა იყო და არა შეთანხმება.
ამ წელს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება წინ გვაქვს"-წერს მამუკა მდინარაძე.