9-03-2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირებული არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მიმდინარეობს მკურნალობა და მონიტორინგი თითოეულ პაციენტთან.
მისივე თქმით, მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ასევე დანარჩენი პაციენტებიდან მხოლოდ სამთან დადასტურდა პნევმონია და მათთანაც დაწყებულია მკურნალობა და გრძელდება მონიტორინგი.
„პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, ამ ეტაპზე რამე მნიშვნელოვანი პროგრესირება არ ვლინდება. დანარჩენ პაციენტებთან განსხვავებული სიტუაცია გვაქვს.
მეოთხე მძიმე პაციენტის მდგომარეობა, რომელთანაც დადასტურებულია პნევმონია, კვლავ მძიმეა. ცხელება გრძელდება 38-39 გრადუსის ფარგლებში. ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება.
დანარჩენ პაციენტებში ყველასთან არის გამოვლენილი დაავადება სხვადასხვა კლინიკური სიმპტომით - ტემპერატურით, ხველით, სურდოთი, ყელის ტკივილით და სხვადასხვა ჩივილით. ამ პაციენტებიდან სამთან კომპიუტერული კვლევებით დადასტურებულია პნევმონია და მათთან დაწყებულია მკურნალობა, გრძელდება თითოეულის მონიტორინგი“ , - განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში ამ დროისთვის კორანავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 15-ს შეადგენს.