10-03-2020
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სულ სამედიცინო დაწესებულებაში 42 პაციენტი იმყოფება აქედან 21-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
მისივე თქმით, ინფიცირებული პაციენტებიდან სამს აღენიშნება ორმხრივი ფილტვების ანთება, ხოლო ერთი პაციენტი, რომელიც შედარებით მძიმედაა, ის რჩება ამ მდგომარეობაში.
„ამ მომენტისთვის ჩვენს კლინიკაში 42 პაციენტი იმყოფება. 21 პაციენტის გამოსაკვლევი მასალა იყო ლუგარში იყო გაგზავნილი და ყველას პასუხი იყო უარყოფითი.
სულ არის 14 ინფიცირებული პაციენტი ჩვენთან და კიდევ ერთი არის საჩხერეში. საჩხერეში მყოფი პაციენტის მდგომარეობა კარგია, არავითარი ჩივილი არ აქვს, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაცია. ერთი პაციენტი, რომელიც შედარებით მძიმედაა, ის რჩება ამ მდგომარეობაში და მას უტარდება სერიოზული მკურნალობა, თუმცა ჯერჯერობით ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები დარღვეული არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდევ 3 პაციენტს აღენიშნება ორმხრივი ფილტვების ანთება. მათგან ერთის მდგომარეობა კარგია, ხოლო ორ პირს საშუალო სიმძიმის მდგომაროება აქვს“, - განაცხადა ცერცვაძემ.