11-03-2020
მას შემდეგ, რაც 2011 წლის შემოდგომაზე, პოლიტიკაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა თავის ფავორიტ პოლიტიკურ ძალებად "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკური პარტია" დაასახელა, როგორც ირკვევა ეს უკანასკნელები ივანიშვილს გვერდით არცთუ უანგაროდ დაუდგნენ.
გაზეთ "ალიას" 2012 წლის 9 თებერვლის ნომერში საინფორმაციო სააგენტო ჯი-ეიჩ-ენზე დაყრდნობით გამოქვეყნებულია მასალა, სადაც ივანიშვილის მიერ "რესპუბლიკური ინსტიტუტისთვის" გადარიცხული თანხების შესახებაა საუბარი.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "რესპუბლიკური ინსტიტუტის" წევრები, ამავდროულად "რესპუბლიკური პარტიის" წევრებიც იყვნენ.
"არასამთავრობო ორგანიზაცია "რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" კონტროლის პალატას ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა, რომლის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს "რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" ბიძინა ივანიშვილისგან 250 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო და ეს თანხა მაშინვე დახარჯა.
თანხის დიდი ნაწილი ხელფასებსა და ჰონორარებზე დაიხარჯა. ასევე, ამ თანხით დაფარულ იქნა გარკვეული სამეურნეო ხარჯებიც და შეძენილ იქნა აპარატურა.
წარდგენილი ინფორმაციის შედეგად ცნობილი ხდება, რომ სოლიდური ხელფასი მიიღეს "რესპუბლიკური ინსტიტუტის" წევრებმა, რომლებიც ამავდროულად "რესპუბლიკური პარტიის" წევრებიც არიან.
კონკრეტულად, დავით ბერძენიშვილის ჰონორარი 14 300 ლარია, ლევან ბერძენიშვილის - 15 360 ლარი, დავით ზურაბიშვილის - 11 760 ლარი, ივლიანე ხაინდრავას - 15 520 ლარი და თინა ხიდაშელის 13 059 ლარი"-წერს გამოცემა.
როგორც მოგვიანებით ლევან ბერძენიშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ეს თანხები წინმსწრებად გაცემული მთელი წლის ჯამაგირი იყო.