12-03-2020
პოლიტიკური პარტიის „ტრიბუნა“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ კომერციულმა ბანკებმა მოსახლეობისთვის საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის პროცესი უნდა შეამსუბუქონ.
„ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება, რადგან სწორედ ბანკების პროცენტების სახდელად გამოდიან ადამიანები ქუჩაში.“, - აცხადებს ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, როცა ექიმები ადამიანებს აფრთხილებენ, საზოგადებრივი თავშეყრის ადგილებში არ მივიდნენ და თან ამ ადამიანებს ბანკის კრედიტები აქვთ გასასტუმრებელი, საჭიროა, ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, შეჩერდეს ყველა ვალდებულება ბანკების წინაშე.
„ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება! ექიმები აბსოლუტურად ლეგიტიმურად გვაფრთხილებენ, სახლიდან არ გამოხვიდეთო, მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური ლუკმა-პური აქვს მოსაპოვებელი?!
მითუმეტეს, რომ ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, საკვებიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო ტექნიკით დასრულებული, ბაზრობიდან მარაგდება. თითო ბაზრობაზე კი, მინიმუმ 10-15 ათასი ადამიანია, მარტო მომსახურე პერსონალი. ამიტომ ვამბობ, კორონავირუსის დაფიქსირების დღიდან, საჭიროა, შეჩერდეს ყველას ვალდებულება, ყველას წინაშე, მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე. და ეს, პირველ რიგში, ბანკებს ეხება!
ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება! რადგან სწორედ ბანკების პროცენტების სახდელად გამოდიან ადამიანები ქუჩაში.
მოკლედ, თუ მთელი სახელმწიფო მანქანა ერთიან პასუხისმგებლობას არ აიღებს ყვეყანაში არსებულ მგდომარეობაზე, ეკონომიკური კოლაფსი უბრალოდ გარდაუვალი იქნება. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ არავის თავში არ მოსვლია აზრად არც ის, რომ ამ მრავალათასიან ბაზრობებზეც მოეწყოთ ისეთივე სპეციალური შესამოწმებელი პუნქტები, როგორიც აეროპორტებში, სახელმწიფო დაწესებულებებშია... ასევე სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე მსგავსი ობიექტების სადეზინფექციო სამუშაოები“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში ვირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. ზოგიერთი სახელმწიფო უწყება დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული. საქართველოს მთავრობა კი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან.