გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

20-03-2020


პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან სრულად შეწყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ასრულებს „საქართველოს ავიახაზები“ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით.

ამასთან, საზღვარგარეთიდან როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კარანტინში განთავსდება. ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მიმდებარედ, დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, უკეთესად მართოს ვითარება.

ამასთანავე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიხურება ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი, გარდა გატანის სერვისებზე მომუშავე კვების ობიექტებისა, სურსათის ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების და საბანკო სერვისების მიმწოდებელი ობიექტებისა.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა, უმოკლეს ვადაში წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა. აღინიშნა, რომ ახალი გეგმები, ეკონომიკის მხარდაჭერის დამატებითი პაკეტის შემუშავება ბიზნესს და საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ კორონავირუსის გამოწვევას ეფექტურად გაუმკლავდნენ.

ამასთან, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, მშობლებს შეეძლებათ, სახლში წაიღონ ის არამალფულჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში ბავშვთა კვებისთვის ბაღებში უნდა გამოყენებულიყო.

უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აღინიშნა, რომ შედარებით მძიმეა ორი ასაკოვანი პაციენტი, რომლებსაც კორონავირუსთან ერთად, თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.

ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიქმნება ე.წ გადაუდებელი მიღების ცენტრი, სადაც პაციენტების საგანგებო მიღება მოხდება. პაციენტებმა, რომლებიც ექიმთან ვიზიტის საჭიროებას ხედავენ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ, საიდანაც, შესაბამისი კვლევის შემდეგ, მათ საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ თვითიზოლაციაში, საკარანტინე ზონაში, ინფექციურ საავადმყოფოში თუ ოჯახის ექიმთან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, რეგულარულად იკრიბება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930