22-03-2020
ჩვენი ყველა გადაწყვეტილება, ყველა სტრატეგია და გეგმა ექვემდებარება ერთ მთავარ პრიორიტეტს და ეს არის ჩვენი მოქალაქეების დაცვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ პრიორიტეტის სასარგებლოდ დროებით სხვადასხვა პრიორიტეტების მეორე პლანზე გადაწევა და დათმობა ხდება, მათ შორის ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის და გარკვეული უკუსვლის ხარჯზეც.
„მაგრამ ეს არის გამართლებული და თქვენ ხედავთ, რომ ეკონომიკური გუნდი და მთავრობა ძალიან კოორდინირებულად მართავს ამ საკმაოდ დიდ და უჩვეულო გამოწვევას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, დღეს ჩვენ ვართ მომსწრე და მონაწილე იმ პროცესისას, როდესაც საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ახდენს გადაწყობას, თვისობრივად იცვლება და ხდება ადაპტაცია ამ შეცვლილი ვითარების მიმართ.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, როდესაც დავძლევთ კორონავირუსს და იმედია, ეს რამდენიმე თვეში მოხდება, ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ ამ პროცესიდან და ძალიან მალე შევძლოთ, დავუბრუნდეთ იმ აღმავალ ტრაექტორიას, რასაც ჩვენი ეკონომიკა ავლენდა უკანასკნელი წლების განმავლობაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მიმართულებით მთავრობა დგამს ზომიერ ნაბიჯებს, რომელიც ნაკლებად დამაზიანებელია ეკონომიკურ საქმიანობასთან მიმართებაში.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მთავრობა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზეა კონცენტრირებული. მისი განმარტებით, პირველ რიგში, წინა პლანზე წამოვიდა კრიზისული ეკონომიკა, რაც ახალი წარმოებების გაჩენას გულისხმობს.
„ეს არის ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან. ეს არის ისეთი ახალი წარმოებების გაჩენა, როგორიცაა პირბადეების წარმოება, რომელიც პრაქტიკულად რამდენიმე დღეში ავაწყეთ ნულიდან. გარდა ამისა, ფაქტობრივად, ვასამმაგებთ სადეზინფექციო ხსნარების წარმოების პოტენციალს, ასევე ისეთ საქმიანობებს, რომლებიც აუცილებელია სოციალური დისტანცირებისთვის - იქნება ეს ადგილზე მიტანის სერვისის განვითარება, თუ სხვადასხვა ონლაინ კომუნიკაციების გამართვა. ესაა პირველი ბლოკი, რომელსაც მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, კრიტიკული ინფრასტრუქტურა - ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება, კავშირგამბულობა, სასურსათო უსაფრთხოება და სურსათით მომარაგება.
„ეს არის ის დარგები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერი ფორსმაჟორში უნდა ფუნქციონირებდეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავას განმარტებით მესამე ბლოკია ადგილობრივი წარმოება, რომელიც ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და ეს ეხება მრეწველობას, მშენებლობას და არა მარტო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას, არამედ სამოქალაქო პროექტების მშენებლობასაც.
„ეს ეხება სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურულ პროექტს, ეს ყველაფერი გრძელდება გარკვეული მცირედი გამონაკლისებით, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.